35-ე სესია
ანგარიში
CG35(2018)12final
2018 წლის 7 ნოემბერი
ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის
მმართველი კომიტეტი
მომხსენებელი[1]: მანუელა ბორა, იტალია (R, SOC)
რეზოლუცია 433 (2018)..............................................................................................................................3
დანართი: ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ
მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის.....................................................................................6
განმარტებითი მემორანდუმი................................................................................................................11
რეზიუმე
თვლის რა, რომ კორუფცია ნებისმიერი ფორმით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ განვითარებას და სოციალურ ერთიანობას, კონგრესი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული პირების ეთიკური ქცევის საერთო ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას.
ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის ანახლებს და განავრცობს „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ ქცევის კოდექსს“, რომელიც კონგრესის მიერ 1999 წელს იქნა მიღებული. იგი ითვალისწინებს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა საჯარო სერვისების მზარდი აუთსორსინგი, საზოგადოების მზარდი მოლოდინები მაღალ ეთიკურ სტანდარტებთან დაკავშირებით და კომუნიკაციის ახალი ფორმებით გამოწვეული ცვლილებები. იგი მიზნად ისახავს, ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა აქტორი უზრუნველყოს ინსტრუქციებით იმ ქცევასათან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა დანერგონ თავიანთი მოვალეობების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულებისას, და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქცევის რა ნორმები შეუძლიათ, მოსთხოვონ ამ აქტორებს.
თავის რეზოლუციაში კონგრესი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს, მიიღონ წინამდებარე კოდექსი ან შეიმუშაონ მისი მსგავსი კოდექსი და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას. კონგრესი მათ, ასევე, მოუწოდებს შექმნან სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მათ თანამშრომლებს დაეხმარება ეთიკის ნორმების დარღვევის რისკის შემცველი სფეროებისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო სიტუაციების იდენტიფიცირებაში.
რეზოლუცია 433 (2018)[2]
1. ვინაიდან კორუფცია და არაეთიკური ქცევის სხვა ფორმები კვლავ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, მმართველობის ახალ ფორმებს, მოქალაქეთა მოლოდინებს ეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით, ხოლო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სწრაფი წინსვლა ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობას ახალ ეთიკურ გამოწვევებს უქმნის;
2. ეთიკური ქცევის საერთო პრინციპების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კონგრესმა, „კორუფციის პრევენციისა და საჯარო სამსახურის ეთიკის ხელშემწყობი აქტივობების გზამკვლევის“ ფარგლებში, რომელიც მიღებულ იქნა 2016 წლის ოქტომბერში, 31-ე სესიაზე განაცხადა თანხმობა, მოეხდინა 1999 წლის 17 ივნისს, კონგრესის მე-6 სესიაზე მიღებული „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ ქცევის კოდექის“ გადახედვა.
3. გადახედვის პროცესს ორი მიზანი ჰქონდა: გაფართოვდეს კოდექსის მოქმედების ფარგლები, რათა იგი გავრცელდეს და ემსახუროს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა პირს, და მხედველობაში იქნას მიღებული ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, განსაკუთრებით, ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მზარდი ფრაგმენტაცია, საჯარო სერვისების მზარდ აუთსორსინგთან ერთად, საზოგადოების მზარდი მოლოდინები და მოთხოვნები ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში მაღალ ეთიკურ სტანდარტებთან დაკავშირებით და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში განხორციელებული მოვლენებითა და კომუნიკაციის ახალი ფორმებით განპირობებული ცვლილებები.
4. ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების ქცევის კოდექსის მოდელი რამოდენიმე მიზანს ემსახურება. კერძოდ, იგი მიზნად ისახავს, ყველა აქტორს მიაწოდოს ინსტრუქციები ქცევის იმ ეთიკური სტანდარტების შესახებ, რომელთა დაცვაც მათ მოეთხოვებათ მოვალეობების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულებისას, და, ამავდროულად, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ ქცევის რა ნორმები შეუძლიათ, მოსთხოვონ ამ აქტორებს. იგი ემსახურება ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის მიზანს და საზოგადოებას და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის კონსოლიდაციას.
5. შესაბამისად, კონგრესი:
a. ითვალისწინებს რა:
i. სისხლის სამართლის კონვენციას კორუფციის შესახებ (ETS No. 173);
ii. სამოქალაქო სამართლის კონვენციას კორუფციის შესახებ (ETS No. 174);
iii. კონგრესის რეზოლუციას 79 (1999) ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ
iv. კონგრესის რეზოლუციას 316 (2010) „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების უფლებები და მოვალეობები: კორუფციის რისკები“
v. კონგრესის რეზოლუციას 401 (2016) ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენციის და საჯარო სამსახურის ეთიკის ხელშეწყობის შესახებ
vi. მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას (97) 24 კორუფციასთან ბრძოლის ოცი სახელმძღვანელო პრინციპის შესახებ
vii. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას R(2000)10 საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსების შესახებ
viii. კონგრესის პრიორიტეტებს 2013-2016 და 2017-2020 წლებისთვის;
b. კიდევ ერთხელ ადასტურებს რა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულმა ყველა პირმა თავიანთი მოვალეობები კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ემსახუროს საჯარო ინტერესს;
c. ხაზს უსვამს რა, რომ მათ უნდა დაიცვან პრინციპები გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, პატიოსნების, დამსახურების და მრავალფეროვნების პატივისცემის შესახებ;
d. ხაზს უსვამს რა, რომ ნებისმიერ დროს, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები წარმოადგენს მათ პასუხისმგებლობას;
e. ამტკიცებს ევროპული ქცევის კოდექსს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის, რომელიც თან ერთვის წინამდებარე რეზოლუციას;
f. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს:
i. მიიღონ წინამდებარე კოდექსი ან შეიმუშავონ მსგავსი ქცევის კოდექსები და ხელი შეუწყონ მათ განხორციელებას, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე, ხოლო მოდელის სახით გამოიყენონ წინამდებარე კოდექსი;
ii. შექმნან კომპლექსური და სათანადო საგანმანათლებლო პროგრამა კეთილსინდისიერი მართვის შესახებ და დანერგონ საკონსულტაციო სერვისები, რათა თავიანთ თანამშრომლებს დაეხმარონ ეთიკის ნორმების დარღვევის რისკის შემცველი სფეროებისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო სიტუაციების იდენტიფიცირებაში და ამ რისკებზე რეაგირების მიზნით უზრუნველყონ სპეციფიური სტრატეგიების ადაპტირება;
g. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ასოციაციებს მოუწოდებს:
i. თარგმნონ და საჯაროდ გაავრცელონ „ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის“, რათა ამაღლდეს ცნობიერება ქცევის იმ სტანდარტების შესახებ, რომელთაც მოქალაქეები უნდა მოელოდნენ ამ პირებისგან;
ii. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს დაეხმარონ სათანადო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შემუშავებაში
h. იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობის განმტკიცება, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში კეთილსინდისიერების განმტკიცების მიზნით.
დანართი
ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის
პრეამბულა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი,
1. მიიჩნევს რა, რომ მაღალი დონის ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საჭიროებს, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულმა ყველა პირმა დაიცვას მაღალი ეთიკური სტანდარტები;
2. ინფორმირებულია რა, რომ კორუფცია და არაეთიკური ქცევის სხვა ფორმები კვლავ უქმნის საფრთხეს დემოკრატიას, ეკონომიკურ განვითარებას და სოციალურ ერთიანობას, ხოლო მმართველობის ახალი ფორმები, მოქალაქეთა მოლოდინები ეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით, გლობალიზაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სწრაფი წინსვლები ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობას უქმნის ახალ ეთიკურ გამოწვევებს;
3. კიდევ ერთხელ ადასტურებს რა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულმა ყველა პირმა თავისი სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, იმოქმედოს კანონის დაცვით და ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს;
4. ხაზს უსვამს რა, რომ მათ უნდა დაიცვან პრინციპები გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, კეთილსინდისიერების, დამსახურების და მრავალფეროვნების პატივისცემის შესახებ;
5. ხაზს უსვამს რა, რომ აღნიშნული პირები, ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებულები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით;
6. ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნოლოგიის სფეროში განხორციელებული მოვლენები უნდა დაბალანსდეს პირადი ცხოვრების დაცვის ლეგიტიმურ უფლებასთან;
7. დარწმუნებულია რა, რომ წინამდებარე კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა პირს უზრუნველყოფს ღირებული სახელმძღვანელო ინსტრუქციებით, ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად და ნდობის ჩამოსაყალიბებლად იმ ადამიანებთან, რომელთაც ისინი ემსახურებიან;
ამტკიცებს ქვემოთ წარმოდგენილ კოდექსს:
I - მიზანი და მოქმედების სფერო
მუხლი 1 - წინამდებარე კოდექსის მიზანი
წინამდებარე კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერებას, ქცეევის იმ პრინციპებისა და სტანდარტების დაკონკრეტებით, რომელთა შესრულებაც ყველა აქტორს მოეთხოვება.
მუხლი 2 - კოდექსის მოქმედების სფერო
წინამდებარე კოდექსი ვრცელდება ადგილობრივ და რეგიონულ საჯარო მმართველობაში ჩართულ ყველა პირზე.
II - ზოგადი პრინციპები
მუხლი 3 - კანონის უზენაესობა
ყველა აქტორი ვალდებულია, იმოქმედოს კანონის დაცვით და ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს.
მუხლი 4 - ანგარიშვალდებულება
ყველა აქტორი ანგარიშვალდებულია თავის გადაწყვეტილებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით და მზად უნდა იყოს, დეტალურად დაასაბუთოს ისინი.
მუხლი 5 - გამჭვირვალობა
ყველა აქტორმა ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი საქმიანობის, მათ შორის, პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციის და მონაწილეობის გამჭვირვალობას, ღიაობას და ხილვადობას.
ყველა აქტორმა საზოგადოებისგან ინფორმაციის მიღების მოთხოვნას უნდა უპასუხოს გულმოდგინედ, პატიოსნად და სრულად. მათ უნდა დაიცვან ნებისმიერი ადამიანის მიერ ასეთი ინფორმაციის ჩარევის გარეშე ფლობის, მიღებისა და გავრცელების უფლება.
აღნიშნული უფლებების განხორციელება, შესაძლოა, დაექვემდებაროს გარკვეულ პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს. ასეთ შემთხვევაში, უნდა განიმარტოს და კანონით უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამისი მიზეზები.
მუხლი 6 - პატივისცემა და დისკრიმინაციის აკრძალვა
ყველა აქტორმა პატივი უნდა სცეს ერთმანეთს. მათ აქტიურად უნდა იმუშაონ სამართლიანი და ტოლერანტული კულტურის შექმნისკენ, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისგან და აფასებს მრავალფეროვნებას.
მუხლი 7 - დამსახურება
ადამიანური რესურსების მართვა უნდა განხორციელდეს დამსახურების და პროფესიონალიზმის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 8 - მიუკერძოებლობა
ყველა აქტორმა უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას და ქმედებების განხორციელებისას და თავიდან აიცილოს რაიმე ფორმის წინასწარგანწყობა და ფავორიტიზმი, მათ შორის, ნეპოტიზმი.
მუხლი 9 - ინტერესთა კონფლიქტი
ყველა აქტორმა თავიდან უნდა აიცილოს თავის პირად საქმეებსა და სამსახურებრივ მოვალეობებს შორის კონფლიქტი ან კონფლიქტის შთაბეჭდილება.
ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.
აქტორებმა უნდა დაიცვან მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებული ზომები, რომელიც მოითხოვს, რომ მათი პირდაპირი ან ირიბი პირადი ინტერესები, მათი სხვა მანდატები, ფუნქციები ან საქმიანობა, ან ცვლილებები მათ აქტივებსა და ვალდებულებებში გახდეს საჯარო და დაექვემდებაროს მონიტორინგს.
III - კონკრეტული მოვალეობები
მუხლი 10 - კორუფცია და თაღლითობა
ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს საჯარო თანამდებობის პირადი სარგებელისთვის ბოროტად გამოყენებისგან და საჯარო სახსრების არასათანადოდ განკარგვისგან.
მუხლი 11 - საჯარო შესყიდვები და ხელშეკრულებების დადება
შესყიდვების ციკლის ყველა ეტაპზე, გადაწყვეტილებები და ქმედებები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან, მკაფიო და ღია პროცედურებს, ისევე, როგორც შესყიდვების კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილების გადახედვის უფლებას. პრეტენდენტები უნდა მოიქცნენ პასუხისმგებლიანად და სამართლიანად და თავი უნდა შეიკავონ წინადადებების წარდგენის პროცესზე არასათანადო გავლენის მოხდენისგან.
მუხლი 12 - მბრუნავი კარის პოლიტიკა
თავიანთი ფუნქციების შესრულებისას, აქტორებმა არ უნდა მიიღონ რაიმე ზომა, რომელიც მათ მიანიჭებს პირად და/ან პროფესიულ უპირატესობას მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ თავიანთ თანამდებობას.
IV - დაწესებულებები და პროცედურები
მუხლი 13 - ეფექტური განხორციელების მექანიზმები
ყველა ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში, უნდა ჰქონდეს კეთილსინდისიერების მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების მხარდაჭერისა და დაცვის პროცედურებს და ინსტიტუციებს.
აღნიშნული პოლიტიკა უნდა მოიცავდეს სათანადო საგანმანათლებლო პროგრამებს და სასწავლო კურსებს. იგი, ასევე, უნდა ითვალისწინებდეს სათანადო კონსულტაციას და რეკომენდაციას ყველასთვის, ეთიკური დილემებისა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკების გადასაჭრელად.
მხული 14 - შეტყობინება
ყველა ორგანიზაციას, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაშია ჩართული, უნდა გააჩნდეს სავარაუდო დარღვევის შეტყობინების პროცედურა.
ეს პროცედურა, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს:
a. სავარაუდო დარღვევის აღწერას;
b. შეტყობინებაზე რეაგირებისა და შეტყობინების აღრიცხვის გზებს;
c. დასაქმებულის შესაძლებლობას, გაიაროს კონსულტაცია კონფიდენციალურ მრჩეველთან, შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით;
d. სპეციალურად გამოყოფილ მოხელე(ებ)ს ან დაწესებულებებს/დაწესებულებას, რომელთაც ატყობინებენ სავარაუდო გადაცდომის შესახებ;
e. შეტყობინების კონფიდენციალურობის დაცვის მოვალეობას, თუ ამას ითხოვს შეტყობინების ავტორი;
f. შეტყობინებაზე დროულად რეაგირების და შეტყობინების ავტორისათვის უკუკავშირის მიწოდების მოთხოვნას;
ყველა ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში, ვალდებულია, დასაქმებულებს მიაწოდოს წერილობითი დოკუმენტი ზემოაღნიშნული პროცედურის შესახებ. ორგანიზაცია დასაქმებულებს, ასევე, აწვდის ინფორმაციას:
a. თუ რა გარემოებებშია შესაძლებელი სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების წარდგენა ორგანიზაციის გარეთ;
b. სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების წარდგენისას დასაქმებულთა სამართლებრივი დაცვის შესახებ;
V - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და მონაცემების გამოყენება
მუხლი 15 - მონაცემთა დამუშავების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები
მონაცემთა დამუშავება უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების, პროპორციულობის, ეფექტურობისა და პირადი ცხოვრების დაცულობისადმი პატივისცემის პრინციპებს.
შესაბამისად, ორგანიზაციამ:
a. უნდა დაამუშაოს მხოლოდ შესაბამისი და საჭირო მონაცემები, კონკრეტული, მკაფიო, დროში შეზღუდული და სამართლებრივ დონეზე განსაზღვრული მიზნისთვის;
b. უნდა დაამუშაოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც რაოდენობის და ხარისხის თვალსაზრისით პროპორციულია მონაცემების შეგროვების თავდაპირველ მიზანთან;
c. მონაცემები უნდა დაამუშაოს მხოლოდ იმგვარად, რაც მესამე მხარეებს შეუზღუდავს მისი არაეთიკური ან არასათანდო გამოყენების შესაძლებლობას;
d. უნდა მოახდინოს მონაცემების შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა შეგროვების კონკრეტული და თავდაპირველი მიზნის განხორციელებისთვის;
e. უნდა უზრუნველყოს პირის მიერ მის შესახებ შეგროვებული მონაცემების გადახედვისა და გასაჩივრების შესაძლებლობა.
VI - გავრცელება
მუხლი 16 - კოდექსის გავრცელება
წინამდებარე კოდექსი უნდა გავრცელდეს საჯაროდ, რათა ამაღლდეს ცნობიერება ქცევის იმ სტანდარტების შესახებ, რომელიც საზოგადოებას შეუძლია მოსთხოვოს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორს. კოდექსის დებულებები აქტიურად უნდა იქნას ინტეგრირებული ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში და რეგულარულად უნდა იქნას განხილული.
განმარტებითი მემორანდუმი[3]
სარჩევი
2 ქცევის კოდექსები და ეთიკის კოდექსები ადგილობრივ დონეზე
3 საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული რელევანტური საქმიანობა
5 ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის
5.2 საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები
5.3 სექცია I კოდექსის მოქმედების სფეროს შესახებ
5.4 სექცია II ზოგადი პრინციპების შესახებ
5.5 სექცია III კონკრეტული მოვალეობების შესახებ
6 სექცია IV დაწესებულებებისა და პროცედურების შესახებ
7 სექცია V პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების გამოყენების შესახებ
8 სექცია VI გავრცელების შესახებ
1. კორუფციის ნებისმიერ ფორმას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მმართველობის ხარისხსა და ეფექტურობაზე და საზოგადოების ნდობაზე. პოლიტიკოსებისა და საჯარო მოსამსახურეების მიმართ ნდობის მაჩვენებელი სახიფათოდ დაბალია ევროპაში, რაც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს. მოქალაქეები საჯარო მოხელეებისგან კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტების დაცვას მოელიან.
2. ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა ეთიკური მმართველობის საკითხებზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც 1999 წელს კონგრესის მიერ მიღებულ იქნა ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ.[4]
3. 316 (2010) რეზოლუციაში „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების უფლებები და მოვალეობები: კორუფციის რისკები“[5] კონგრესმა ხაზი გაუსვა „კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტების და [...] კარგი პრაქტიკის კრებულის“ არსებობას და, ამავდროულად, აღიარა, რომ არსებობს ამ ინსტრუმენტების განახლების საჭიროება, „გამჭვირვალობის ახალი კულტურის შექმნისა და ეთიკური ღირებულებების და კანონიერების პატივისცემის ხელშეწყობის“ მიზნით.
4. მას შემდეგ, საჯარო სამსახურის ეთიკა და კორუფციის პრევენცია კონგრესის პრიორიტეტებს წარმოადგენს. 2013-2016 წლების პრიორიტეტებში, კონგრესმა დაადასტურა მზადობა, „განამტკიცოს არჩეული წარმომადგენლების ერთგულება ეთიკური ქცევის მიმართ და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის მიმართ“,[6]განსაკუთრებით კვლევების ჩატარებისა და ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელების გზით“.[7]აღნიშნული პრიორიტეტების თანახმად, კონგრესი „იმუშავებს, რათა მოახდინოს კორუფციის პრევენციის გზების იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ეთიკასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ღირებულებების განმტკიცების გზით, რაც მოიცავს ინტერესთა დეკლარაციებისა და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობას.“
5. ამ კონტექსტში მიღებულ იქნა რეზოლუცია 401 (2016) „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენცია და საჯარო სამსახურის ეთიკის ხელშეწყობა“ და მასთან დაკავშირებული „აქტივობების გზამკვლევი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენციის და საჯარო სამსახურის ეთიკის ხელშეწყობისთვის.“[8]ეს გზამკვლევი ითვალისწინებს ექვსი თემატური ანგარიშის მომზადებას (ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო პროცესების დროს, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, მამხილებლების დაცვა, ნეპოტიზმი (თანამშრომლების რეკრუტმენტი), გამჭვირვალობა და ღია მმართველობა, და ინტერესთა კონფლიქტი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე), რისი მიზანიც არის კორუფციის შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლება და თემატური ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზება.
6. იგი, ასევე, მიზნად ისახავს ყველა ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული აქტორისათვის ქცევის პრინციპებისა და სტანდარტების დადგენას. ამასთან დაკავშირებით, კონგრესის ბიურომ დაამტკიცა „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ ევროპული ქცევის კოდექსის“[9]გადახედვისა და განახლების პირობები და ამ მიზნით შექმნა საკონსულტაციო ჯგუფი.[10]
2 ქცევის კოდექსები და ეთიკის კოდექსები ადგილობრივ დონეზე
7. ხშირად ტერმინებს „ქცევის კოდექსი“ და „ეთიკის კოდექსი“ იყენებენ ერთი და იგივე მნიშვნელობით, რაც შეცდომაა. ორივე კოდექსი შექმნილია არჩეულ წარმომადგენლებში ან თანამშრომლებში ქცევის კონკრეტული ფორმების წასახალისებლად. ერთის მხრივ, ეთიკური სტანდარტები უზრუნველყოფს მითითებებს ფასეულობებთან და არჩევანთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით. მეორეს მხრივ, ქცევის სტანდარტები მიუთითებს იმაზე, თუ რომელი ქმედებაა შესაფერისი და რომელი - შეუფერებელი. ამავდროულად, ქცევის კოდექსები და ეთიკის კოდექსები ქცევას გასხვავებულად არეგულირებს. ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპები, როგორც წესი, ფართოა და არ არის სპეციფიური. ისინი ასახავენ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელიც არჩეულ წარმომადგენლებს ან დასაქმებულებს დაეხმარება გააკეთონ დამოუკიდებელი შეფასება საქმიანობის პროცესში. აღნიშნულისგან განსხვავებით, ქცევის კოდექსი ასახავს კონკრეტულ ქცევას და შეფასებას თითქმის არ მოითხოვს: თქვენი ქცევა სწორია ან არ არის სწორი.
8. ამჟამად არსებობს არაერთი ეთიკის კოდექსი და ქცევის კოდექსი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ბიზნეს სფეროს. გლობალურმა კომპანიებმა, როგორიცაა „Total“ ან „Coca-Cola“ შეიმუშავეს საქმიანი ქცევის კოდექსები თავიანთი თანამშრომლებისთვის, რომელიც მოიცავს ბიზნესის პრინციპებს, ინდივიდუალური ქცევის ქესებსა და ეთიკასთან შესაბამისობის კომიტეტებს.
9. ასევე, არსებობს მთავრობის წევრების ან პარლამენტარებისთვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსების ან ქცევის კოდექსების მაგალითები. ამ მხრივ, აღსანიშნავია ეთიკის განახლებული კოდექსი, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეხება პარლამენტარებს - ე.ი. ცენტრალურ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს. მოქალაქეებსა და მათ არჩეულ წარმომადგენლებს შორის ნდობის განახლების მიზნით, 2011 წლის აპრილში[11]ეროვნულმა ასამბლეამ შექმნა ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის კომპლექსური სისტემა და მიიღო ეთიკის კოდექსი,[12] რომელიც ადგენს შესაბამის პრინციპებს და შექმნა ეთიკის ოფიცრის თანამდებობა. კოდექსის გადახედვა მოხდა 2017 წლის 13 ივლისს, იმ რამოდენიმე ინტერესთა კონფლიქტის კონტექსტში, რომელიც გავლენას ახდენდა მთავრობის წევრებზე და „პოლიტიკურ ცხოვრებაში ნდობის“ შესახებ ორგანული კანონის მომზადების კონტექსტში.[13]პარლამენტარებმა დადეს პირობა, რომ ისინი პატივს სცემდნენ ექვს პრინციპს (საჯარო ინტერესი, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება, სამაგალითოობა) და დეკლარატორულ მოვალეობას. ყოფილი ეთიკის ოფიცრის სიტყვებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი პოლიტიკური სკანდალებისა, ასამბლეის „ეთიკურ კლიმატში“ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები აღინიშნა.[14]
10. აღნიშნულის საპირისპიროდ, გამონაკლისს წარმოადგენს ეთიკის კოდექსები ან ქცევის კოდექსები ადგილობრივ/რეგიონულ დონეზე, ე.ი. ადგილობრივი/რეგიონული საჯარო მოსამსახურეებისთვის ან ადგილობრივ/რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლებისთვის. თუმცა, აღსანიშნავია რამოდენიმე მაგალითი. „საჯარო ცხოვრების შვიდი პრინციპი“[15](იგივე „ნოლანის პრინციპები“), რომელსაც ადგენს ნოლანის ანგარიში და რომელიც გამოქვეყნდა 1995 წლის 31 მაისს - კერძოდ, თავდაუზოგავობა, კეთილსინდისიერება, ობიექტურობა, ანგარიშვალდებულება, ღიაობა, პატიოსნება და ლიდერობა, გარკვეულწილად მსგავსია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ეთიკის კოდექსში წარმოდგენილი პრინციპებისა. თავად ანგარიშში მითითებულია, რომ ქცევის ადგილობრივი კოდექსის მიღება უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი საბჭოების მოვალეობას. გაეეროს თემებისა და ადგილობრივი მთავრობის დეპარტამენტმა მიიღო ქცევის მოდალური კოდექსი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის.[16]
11. ინგლისში, „ლოკალიზმის აქტი“ (2011) [17]ადგენს, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა“ „უნდა მიიღონ კოდექსი იმ ქცევის შესახებ, რომელიც მოეთხოვებათ ხელისუფლების წევრებსა და კოოპტირებულ წევრებს, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“. კერძოდ, აღნიშნული ვრცელდება საგრაფოების საბჭოებზე ინგლისში, საოლქო საბჭოებზე, სამრევლო საბჭოებზე, დიდი ლონდონის საბჭოზე და მეტროპოლიტანის საპოლიციო ორგანოზე. „ლოკალიზმის აქტის“ თანახმად, კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს „ნოლანის პრინციპებს“ და უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს ინტერესთა რეგისტრაციის, ფინანსური ინტერესების გამჟღავნების, სენსიტიური ინტერესებისა და სამართალდარღვევების შესახებ.
12. შოტლანდიაში, 32 ადგილობრივი ორგანოს ქევრთა ქცევის კოდექსი ძალაშია 2003 წლის მაისიდან. მესამე გამოცემა[18]2010 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ხოლო სტანდარტების კომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი „სახელმძღვანელო შენიშვნები ადგილობრივი ორგანოებისათვის და მათი წევრებისთვის“, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას კოდექსის ინტერპრეტაციის კუთხით. 2003 წელს შოტლანდიის პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა ქცევის მოდალური კოდექსი ადგილობრივი საჯარო ორგანოების წევრთათვის, ხოლო საჯარო კონსულტაციების შემდეგ, 2013 წელს მოდალური კოდექსი განახლდა[19]და დამტკიცდა შოტლანდიის პარლამენტის მიერ და გამოქვეყნდა 2014 წლის თებერვალში.
13. ქცევის კოდექსი რამოდენიმე სხვა ქვეყანაშიც იქნა მიღებული ადგილობრივ დონეზე (რომელსაც, ზოგჯერ შეცდომით ეწოდება „ეთიკის კოდექსი“). მონტენეგროსა[20]და სერბთა რესპუბლიკაში[21]კოდექსები ადგენს საჯარო მოსამსახურეთა ქცევის სტანდარტებს. ამავდროულად, არსებულ კოდექსებს ხშირად თან არ ახლავს მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი ან მკაფიო რეგულაციები სანქციების შესახებ.
14. თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს საჯარო სექტორის მართვისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებზე, სცადა, მოემზადებინა სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუქციებს საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. ევროპის დონეზე, ევროპის საბჭო, ევროკავშირი და OECD არიან ჩართულები კორუფციასთან ბრძოლაში და მათ მიღებული აქვთ არაერთი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტი.
15. 1996 წლის ნოემბერში კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის მიღების შემდეგ,[22]ევროპის საბჭო მისდევს კორუფციასთან ბრძოლის კომპლექსურ მიდგომას. კერძოდ, იგი ადგენს სტანდარტებს კონვენციებისა და სხვა ინსტრუმენტების (რეკომენდაციები და რეზოლუციები) სახით და მონიტორინგის მექანიზმის - კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) საშუალებით მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს და გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობას.[23]
16. 1999 წლის ნოემბერში, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია (97) 24[24], რომელიც ადგენს კორუფციასთან ბრძოლის 20 სახელმძღვანელო პრინციპს. კერძოდ, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მიმართავდა თხოვნით, ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დაენერგათ ეს პრინციპები, კერძოდ: ეთიკური ქცევის ხელშეწყობა; ორგანიზაციაში, საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საჭიროება და სათანადო გამჭვირვალე პროცედურების მიღება სახელმწიფო შესყიდვებისთვის. ამასთან, რეზოლუცია მთავრობებს მოუწოდებს, „უზრუნველყონ, რომ საჯარო მოხელეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ წესები ითვალისწინებდეს კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნებს და [...] ხელი შეუწყონ იმ ქცევის დამატებით განმარტებას, რომელიც მოეთხოვებათ საჯარო მოხელეებს, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა ქცევის კოდექსი“. რეზოლუცია, ასევე, იძლევა რეკომენდაციას, მთავრობებმა ხელი შეუწყონ „არჩეული წარმომადგენლების მიერ ქცევის კოდექსების და პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების ისეთი წესების მიღებას, რომელიც კორუფციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.“
17. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭომ შეიმუშავა სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (ETS No. 173).[25] ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს კორუფციის გარკვეულ დანაშაულებთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება. კონვენციის თანახმად კრიმინალიზებულია საჯარო მოხელეების, მათ შორის, მერების აქტიური და პასიური მოსყიდვა. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ამ დანაშაულის მოქმედების სფერო ვრცელდება „შიდა სახალხო ასამბლეების“ წევრებზე, „რომლებიც ახორციელებენ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას“, ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე, როგორც არჩეულზე, ისე დანიშნულზე. აღნიშნული ფართო ცნება ზოგ ქვეყანაში, შესაძლოა, მოიცავდეს რეგიონული და პროვინციული ასამბლეებისა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს.
18. სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (ETS No. 174)[26] წარმოადგენდა პირველ მცდელობას, სამოქალაქო კანონისა და კორუფციის სფეროში დადგენილიყო საერთო საერთაშორისო წესები. კონვენცია ხელისშემკვრელ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ „ეფექტური სამართლებრივ დაცვის მექანიზმები იმ პირებისთვის, რომელთაც ზიანი მიადგათ კორუფციული ქმედებების შედეგად, რათა მათ შეძლონ თავიანთი უფლებების და ინტერესების დაცვა“ (მუხლი 1). მაგალითად, მე-9 მუხლის თანახმად დაცულია ის დასაქმებული, რომელიც ახდენს კორუფციის შეტყობინებას. აღნიშნული მუხლი ხელმომწერი მხარეებისგან ითხოვს, „[თავიანთ] შიდა კანონმდებლობაში უზრუნველყონ იმ დასაქმებულთა სათანადო დაცვა უსამართლო სანქციებისგან, რომელთაც აქვთ გონივრული საფუძველი, იეჭვონ კორუფცია და რომლებიც თავიანთი ეჭვის შესახებ კეთილსინდისიერად ატყობინებენ პასუხისმგებელ პირებს ან ორგანოებს.“ [27]
19. ევროპის საბჭომ მოკლე ვადაში შექმნა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO),[28]ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO თანაბრად ახორციელებს ყველა წევრის მონიტორინგის, ორმხრივი შეფასების დინამიური პროცესისა და „კოლეგიალური ზეწოლის“ საშუალებით. შეფასება ხორციელდება ციკლების სახით, ხოლო შეფასების თითეული რაუნდი კონკრეტულ თემებს მოიცავს.[29]შეფასების მე-5 რაუნდი 2017 წლის მარტში დაიწყო და იგი შეეხება კორუფციის პრევენციას და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში (უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები) და სამართალდამცავ უწყებებში. აქამდე არსებული შეფასების არც ერთი რაუნდი არ ეთმობა კონკრეტულად ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს. მოუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყნის მონიტორინგის ანგარიში შეიცავს მითითებებს ადგილობრივ განზომილებაზე.
20. და ბოლოს, 2000 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია No. R(2000)10 „საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსების“ შესახებ, რომელიც მთავრობებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსების მიღებას იმ მოდელის საფუძველზე, რომელიც თან ერთვის რეკომენდაციას.[30] მოდალური კოდექსი, რომელიც არ ვრცელდება არჩეულ წარმომადგენლებზე, შეიცავს იმ ძირითადი ელემენტების უმრავლეობას, რომლებიც დანერგილ იქნა სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებში.
21. 2011 წლის ივნისში ევროკომისიამ მიიღო „კომუნიკაცია ევროკავშირში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ანტიკორუფციულ ანგარიშს, წევრი სახელმწიფოების მიერ ამ სფეროში განხორციელებული ძალისხმევის მონიტორინგისა და შეფასებისთვის. პირველი ანგარიში,[31] რომელიც 2014 წლის თებერვალში გამოიცა, ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოში კეთილსინდისიერება პოლიტიკაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დონეზე არ არსებობს „საჯარო მოხელის“ ჰარმონიზებული განმარტება, რომელიც მოიცავდა როგორც საჯარო მოსამსახურეებს, ისე არჩეულ მოხელეებს.
22. ანგარიშში ცალკე სექცია ეთმობოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს. ევროკავშირი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ პრაქტიკას „წვლილი შეაქვს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულების კონსოლიდირებაში, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ხელს უწყობს უსაფუძვლო გამდიდრების, ინტერესთა კონფლიქტის, შეუთავსებლობების პოტენციური შემთხვევების გამოვლენას, ისევე, როგორც პოტენციურად კორუფციული პრაქტიკების გამოვლენასა და გამოძიებას.“ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მნიშვნელოვანი ასპექტია მათი შემოწმება, ხოლო ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში აღინიშნა საფუძვლიანი შემოწმების მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი.
23. ანგარიში, ასევე, ეხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხს. რეგულაციები და სანქციები, რომელიც ინტერესთა კონფლიქტზე ვრცელდება, განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ორგანოსთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაზეა პასუხისმგებელი (დამოუკიდებელი სააგენტოები, ეთიკის კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ა.შ.). ამასთან, სანქციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, სუსტია და არასაკმარისი. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები კონკრეტულ პრობლემებს წარმოშობს ადგილობრივ დონეზე და „უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმ კარგი პრაქტიკის გასავრცელებლად, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი რეგიონის ან ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ და ქმნის თანაბარ სამოქმედო ველს, როგორც არჩეული, ისე დანიშნული მოხელეებისათვის, ადგილობრივ დონეზე.“
24. და ბოლოს, ევროკომისია მოითხოვდა მამხილებლის სათანადო მექანიზმებს, რომელიც ახდენს საჯარო ადმინისტრაციებში არსებული პროცესების კოდიფიცირებას, რათა არსებობდეს ოფიციალური არხები შეტყობინებისთვის. იგი ადასტურებდა, რომ „მნიშვნელოვანია დაცვის ეფქტური მექანიზმების შექმნა, რომელიც პოტენციურ მამხილებელს ნდობას აღუძრავს.“
25. აღნიშნულ პირველ ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებების შესაბამისად, ევროკომისიამ 2015 წელს დაიწყო „გამოცდილების გაზიარების პროგრამა“,[32]წევრი სახელმწიფოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდასაჭერად, ევროკავშირის ანტიკორუფციულ ანგარიშში იდენტიფიცირებულ კონკრეტულ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. ამ პროგრამის მიზანია საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირება და ანტიკორუფციულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ცნობიერების ამაღლება და ტრენინგის უზრუნველყოფა. ჩატარდა რამოდენიმე სემინარი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 17-დან 20-მდე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები. სემინარები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ეფექტური სისტემები“ (ბუდაპეშტი, 2015 წლის 29 აპრილი), „კორუფციის პრევენცია სახელმწიფო შესყიდვებში, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“ (ათენი, 2016 წლის 25 თებერვალი) და „ინტერესთა კონფლიქტი და მბრუნავი კარები“ (ბარსელონა, 2017 წლის 15 ივნისი).
26. OECD იყენებს რბილი სამართლის მიდგომას საჯარო მოხელეთა ქცევის რეგულირების მიმართ. აღნიშნული მიდგომის თანახმად, ქვეყნებს (და, შესაბამისად, მათ საჯარო ადმინისტრაციებს) შორის არსებობს მცირე შეთანხმება ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რბილი სამართლის მიდგომა აღიარებს, რომ საჯარო მოსამსახურეებს (უფრო ზოგადად, საჯარო მოხელეებს) ესაჭიროებათ ფართო დისკრეცია იმისათვის, რომ იმუშაონ, რაც მოიცავს ეთიკური გადაწყვეტილებების ხშირად მიღებას. ამრიგად, რბილი სამართლის ინსტრუმენტები ყურადღებას ამახვილებს ზოგადი პრინციპების უზრუნველყოფაზე, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებს შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება.
27. 1998 წელს, OECD-ის საბჭომ მიიღო რეკომენდაცია „საჯარო სამსახურში ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ“, რომლის პრეამბულაშიც აღნიშნული იყო, რომ „საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევა ხელს უწყობს დემოკრატიული მმართველობის ხარისხს და ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს, გამჭვირვალობისა და საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესების გზით.“ ფართო და ზოგად რეკომენდაციებს შორისაა საჯარო სექტორში ქცევის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებების ხელშეწყობა და მართვის ჩარჩოში ეთიკური განზომილების გათვალისწინება.
28. OECD-ის სხვა რეკომენდაციების თანახმად, მიზანშეწონილია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სახელმძღვანელოს სახით გამოიყენონ „საჯარო სამსახურში ეთიკის მართვის 12 პრინციპი“,[33]რომელიც რეკომენდაციის დანართშია წარმოდგენილი. ეს პრინციპები მიუთითებს ეთიკური სტანდარტების სიცხადეზე და კანონიერებაზე და მათ გავრცელებაზე ლაკონური ფორმით, ქცევის კოდექსების სახით, რომლებიც შექმნილია საერთო ეთიკური ღირებულებების შესახებ ერთიანი ინფორმირებულობის ხელშეწყობა. აღნიშნული პრინციპები, ასევე, ხაზს უსვამს ლიდერობის მნიშვნელობას და მკაფიოდ მიუთითებს, რომ „მენეჯერებმა უნდა მოახდინონ ეთიკური ქცევის დემონსტრირება და ხელი შეუწყონ მას“, ხოლო „მენეჯმენტის პოლიტიკა [...] კეთილსინდისიერებას უნდა უწყობდეს ხელს“. და ბოლოს, პრინციპების თანახ,ად, საჭიროა, რომ საჯარო სამსახურში გადაცდომებთან დაკავშირებით არსებობდეს ანგარიშვალდებულების ადეკვატური მექანიზმი, პროცედურები და სანქციები. უნდა აღინიშნოს, რომ OECD-ის რეკომენდაციის თანახმად, პრინციპები სუბნაციონალურ დონეზე უნდა იქნას გამოყენებული (ე.ი. ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე).
29. ამას გარდა, 1998 წელს, OECD-ის მექრთამეობასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა შექმნა ანტიკორუფციული ქსელი.[34]აღნიშნული რეგიონული მხარდაჭერის პროგრამა ღიაა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და მის წევრებს ეხმარება კორუფციიასთან ბრძოლის და პრევენციის კუთხით განხორციელებულ ძალისხმევაში, განსაკუთრებით, ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკული განხორციელებისა და ანტიკორუფციული კანონების ეფექტურად აღსრულების კუთხით. იგი, ასევე, უზრუნველყოფს სახელმძღვანელო მითითებებს და რეკომენდაციებს სხვადასხვა მეთოდოლოგიურ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც ერთ ქვეყანაში იქნა შემუშავებული და შესაძლებელია, რომ მთლიან რეგიონში იქნას გამოყენებული - მაგალითად, სასწავლო პროგრამა და სასწავლო მასალები, საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსების ნიმუშები და ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები.[35]
30. OECD-ის საჯარო კეთილსინდისიერების საბჭოს რეკომენდაცია (C(2017)5) განმარტავს საჯარო სამსახურის ეთიკისა[36]და საჯარო სექტორის მნიშვნელობას. იმის გათვალისწინებით, რომ კერძოდ და არამომგებიანი აქტორები ძირითად როლს ასრულებენ სხვადასხვა სფეროებში საზოგადოებისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების განსაზღვრაში, წარმოებასა და მიწოდებაში, OECD იძლევა რეკომენდაციას, რომ საჯარო სექტორი მოიცავდეს „საჯარო კორპორაციებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებს, საჯარო-კერძო პარტნიორობებს და მათ მოხელეებს, ისევე, როგორც იმ მოხელეებსა და დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ საჯარო სერვისების მიწოდებას, რომელთა მიწოდებაც შესაძლებელია აუთსორსინგით ან კერძო დაფინანსებით.“
31. 1999 წელს, გზავნილის გამოხატვის და პოლიტიკოსთა ქცევის სტანდარტების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესმა მიიღო „ევროპის კოდექსი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ“ (1999 წლის კოდექსი).[37]მომხსენებელი იმ დროისათვის აღნიშნავდა, რომ „პოლიტიკური კეთილსინდისიერება, ზოგადად, გულისხმობს სამსახურებრივი ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც მოიცავს არაერთ პოლიტიკურ ფასეულობას, როგორიცაა პატიოსნება, უანგარობა და ობიექტურობა.“
32. ვინაიდან კონგრესი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური ასამბლეაა, 1999 წლის კოდექსი შემოიფარგლებოდა სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე: „წინამდებარე კოდექსის მიზნებისთვის, ტერმინი „არჩეული წარმომადგენლები“ ნიშნავს ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელსაც ძირითადი (პირდაპირი არჩევნები) ან მეორადი (ადგილობრივი ან რეგიონული საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს ფარგლებში ჩატარებული) არჩევნების შედეგად მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან რეგიონული ხელისუფლების მანდატი.“ (მუხლი 1).
33. კოდექსის თანახმად, კანონის და საზოგადოებრივი ინტერესის უზენაესობა ძირითადი პრინციპია საარჩევნო მანდატის განხორციელების პროცესში, ხოლო არჩეული წარმომადგენლები თავიანთ რჩეული წარმომადგენლები საკუთარ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ პირნათლად, პატიოსნად და საკუთარ გადაწყვეტილებებზე ანგარიშვალდებულების სრული შეგრძნებით. კოდექსში წარმოდგენილია კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებს ეკისრებათ თანამდებობის დაკავებისას, თანამდებობაზე ყოფნისას და თანამდებობის დატოვებისას. კერძოდ, კოდექსი საარჩევნო კამპანიების წარმართვის წესებს, კრძალავს ფავორიტიზმს და ძალაუფლების გამოყენებას კერძო სარგებლის მიღების მიზნით. კოდექსში, ასევე, წარმოდგენილია ზედამხედველობის გარკვეული საშუალებები, მათ შორის, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პერსონალური ინტერესების დეკლარირება, მოთხოვნის საფუძველზე. და ბოლოს, კოდექსი მოითხოვს გამჭვირვალობას საჯარო მოვალეობების განხორციელების პროცესში. კერძოდ, საჯარო უნდა იყოს როგორც გადაწყვეტილებები, ისე მათი დასაბუთება, ხოლო ამ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნას არჩეულმა წარმომადგენლებმა გულდასმით უნდა უპასუხონ.
34. კოდექსი, რომელიც 1999 წელს იქნა მიღებული, რამოდენიმე ენაზე არის თარგმნილი.[38]კოდექსმა დაამტკიცა, რომ იგი ფასეული ევროპული სტანდარტია. იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის როლს ასრულებს კონგრესის თანამშრომლობით საქმიანობაში, განსაკუთრებით, თემატურ საქმიანობაში და კოლეგიალურ გაცვლით პროგრამებში საჯარო სამსახურის ეთიკისა და გამჭვირვალობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა ვორქშოფები და სემინარები. აღნიშნულმა მიდგომამ პოზიტიურ მოვლენებს მისცა ბიძგი არაერთ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის, უკრაინაში, სადაც კიევის საკრებულომ არაერთი პოლიტიკა დანერგა გამჭვირვალობის და საჯარო სამსახურის ეთიკის გაუმჯობესების მიზნით და მონაწილეობით ბიუჯეტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის ასამაღლებლად.[39]რეგიონული პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (2015-2017)[40] ფარგლებში, სამოცზე მეტმა მერმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან მონაწილეობა მიიღო თემატურ აქტივობებში და კოლეგიალურ გაცვლით პროგრამებში საჯარო სამსახურის ეთიკის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ.
35. ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირისთვის ევროპული ქცევის კოდექსის მიზანია, ევროპის დონეზე დაადგინოს ეთიკური პრინციპები და სტანდარტები, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების არჩეული წარმომადგენლების მიერ. ეს კოდექსი ანახლებს და განავრცობს „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ ქცევის კოდექსს“, რომელიც კონგრესის მიერ 1999 წელს იქნა მიღებული.
36. კოდექსს რამოდენიმე ფუნქცია აქვს:
a. ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა აქტორი უზრუნველყოს ინსტრუქციებით იმ ქცევასათან დაკავშირებით, რომელიც უნდა დანერგონ თავიანთი მოვალეობების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულებისას;
b. საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ ქცევის რა ნორმები შეუძლიათ, მოსთხოვონ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორს და მათი მიღწევის გზების შესახებ;
c. ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა და საზოგადოებას და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის კონსოლიდაცია;
d. კონსულტაციის გაწევა მათთვის, ვისაც ავალია ამ პრინციპების პატივისცემის უზრუნველყოფა;
e. ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესება.
37. შეუძლებელია, რომ ერთი მოდელი მოიცავდეს ეთიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ განსხვავებულ სიტუაციებს. ზოგადად, ქცევის კოდექსი ახდენს იმ მოლოდინების ინსტიტუციონალიზაციას, რომელიც შეეხება ქცევის პრინციპებს, ამ პრინციპების დაცვის საშუალებებსა და მათი აღსრულების გზებს. ამ შემთხვევაში, ყურადღება მახვილდება სხვადასხვა აქტორებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ ქცევაზე, ფინანსურ ინტერესებსა და ოფიციალური ინფორმაციის გამოყენებაზე. ქცევის კოდექსის შემუშავების მიზანია საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების გაუმჯობესება. სხვადასხვა აქტორებს მოეთხოვებათ კოდექსის პრინციპებისა და ფასეულობების პატივისცემა. ქცევის კოდექსი ინსტრუმენტია. იგი მიჩნეული უნდა იქნას, როგორც კეთილსინდისიერების ფართო და კომპლექსური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
38. წევრი სახელმწიფოების ცენტრალურ ხელისუფლებაზე და/ან ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ეროვნულ ასოციაციებზე იქნება დამოკიდებული თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობასა და სხვა რელევანტურ ინსტრუქციებსა თუ ეთიკის შესახებ დოკუმენტებში იმ ფასეულობებისა და პრინციპების უფრო დეტალურად განსაზღვრა, რომელსაც კოდექსი ადგენს.
39. ერთიანი, ეფექტური და სანდო ეთიკური პრინციპებისა და მექანიზმების შექმნა მზარდად დეცენტრალიზებული და ფრაგმენტირებული მმართველობის პირობებში ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომელზეც რეაგირებს წინამდებარე ახალი კოდექსი. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანიზების და საჯარო სტანდარტების სფეროში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა და ციფრულმა ტრანსფორმაციამ შექმნა ახალი გამოწვევები ეთიკისა და მმართველობის კეთილსინდისიერების მიმართულებით, და ამ გამოწვევებზე რეაგირების ახალი გზები. შემდეგ პუნქტებში განხილულია სამი ძირითადი გამოწვევა.
40. არაერთ წევრ სახელმწიფოში, ადგილობრივი და რეგიონული მმართველობა სულ უფრო და უფრო მეტად ფრაგმენტირებული ხდება. მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდება ხორციელდება საჯარო, კერძო და არა-მომგებიანი აქტორების დეცენტრალიზებული სტრუქტურების მართვისა და რეგულირების გზით. ეს ახალი აქტორები გახდნენ „საჯარო“ სერვისების საზოგადოებისათვის მიწოდების მნიშვნელოვანი ელემენტები. ისინი აქტიურ როლს ასრულებენ საზოგადოებრივი საქონლის და მომსახურების განსაზღვრის, წარმოებისა და მიწოდების კუთხით, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის ან განათლების სფეროში. შედეგად, ადმინსიტრაციული შესაძლებლობები, ფინანსური რესურსები, პერსონალი და შესყიდვის პროცესები განიცდის მიგრაციას ძირითადი ადმინისტრაციიდან სახელმწიფო საწარმოებისკენ და კერძო კომპანიებისკენ. პარალელურად, საჯარო და კერძო სექტორს შორის მანამდე არსებული საზღვრების გაუფერულებასთან და რესურსებსა და აქტივობებში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, ფართოვდება ის სივრცე, სადაც არსებობს კორუფციისა და არაეთიკური ქცევის რისკები.
41. მეორე, იცვლება მოქალაქეთა მოლოდინები საჯარო მოსამსახურეთა კარგ ქცევასთან დაკავშირებით. ძირითად საზრუნავს წარმოადგენს საზოგადოების ზოგადი უნდობლობა საჯარო დაწესებულებებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ და ევროპაში კორუფციის მაღალი დონის შესახებ არსებული წარმოდგენები. ადამიანები არიან მგრძნობიარენი თავიანთ საზოგადოებაში არსებული ეთიკური კლიმატის მიმართ. ფასეულობები კარგავს წინამძღოლობის გაწევის შესაძლებლობას, თუ ეს ფასეულობები ბუნდოვანია ან არალეგიტიმურად არის მიჩნეული. ლეგიტიმური ნორმებისა და პროცესების მიმართ ნდობა მნიშვნელოვანია მმართველობაში კეთილსინდისიერების ასამაღლებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მმართველობის ხარისხი შეაფასონ ცნობილ პრობლემებთან საბრძოლველად გაწეული ძალისხმევის სერიოზულობის მიხედვით, იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება საჩივრების განხილვა და რა რეაგირება აქვს ორგანიზაციას ადამიანების მიერ დარღვევების შეტყობინებაზე.
42. მესამე, საჯარო საქმეებსა და პირად ცხოვრებაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის გაძლიერება, კომუნიკაციის ახალ ფორმებთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტ გავლენას ახდენს სახელმწიფო ორგანიზაციების მართვაზე, მონიტორინგსა და კომუნიკაციაზე. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და საქმიანობის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და გაზიარების შესაძლებლობების გაუმჯობესებით, ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ თავიანთი საქმიანობა, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესები და შეამცირონ კორუფციისა და თაღლითური ქცევის რისკები. ამავდროულად, აღნიშნულმა განვითარებებმა გამოიწვია თანამშრომლების და მათი პერსონალური მონაცემების დასაცავად შესაბამისი სტანდარტების არსებობის საჭიროება. ციფრული ტრანსფორმაციის უპირატესობების დაბალანსება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა.
43. მმართველობასა და საჯარო ხელისუფლებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად განპირობებულ ახალ ეთიკურ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით, და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენციისა და საჯარო სამსახურის ეთიკის ხელშეწყობისთვის, წინამდებარე კოდექსი აფართოვებს თავისი მოქმედების სფეროს და ეთიკის სახელმძღვანელო ინსტრუქციებს უზრუნველყოფს რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობაში ჩართული ყველა პირისა და აქტორისთვის. აღნიშნული მოიცავს არჩეულ, დანიშნულ და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სამართალი არეგულირებს მათ - საჯარო თუ კერძო, ან მონაწილეობენ თუ არა ისინი საზოგადოებრივი საქონელისა და მომსახურების განსაზღვრაში, მიწოდებასა და გადახედვაში.
44. წინამდებარე კოდექსი ადგენს ეთიკის იმ პრინციპებს, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა პირის მიერ უნდა იქნას დაცული. ამავდროულად, კოდექსი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მნიშვნელოვან სივრცეს უტოვებს კოდექსის მოქმედების გასაფართოვებლად და გამოსაყენებლად. აღნიშნული მოქნილობა იძლევა ახალ პრობლემებთან და სიტუაციებთან გამკლავების შესაძლებლობას, მათი წარმოშობისთანავე: შედეგად, თავად ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივაზეა დამოკიდებული წინამდებარე კოდექსით განსაზღვრული პრინციპების გაფართოება და გამოყენება.
45. ყველა აქტორს უნდა შეეძლოს კოდექსის მიღება შესწორებების გარეშე ან საკუთარი ქცევის კოდექსის მომზადება, ამ კოდექსის საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპის კოდექსი ადგენს მინიმალურ სტანდარტებს. კოდექსის დებულებებს არ აქვს უარყოფითი გალვენა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მოქმედ სამართლებრივ დებულებებზე.
46. წინამდებარე კოდექსის 1 მუხლი ხაზს უსვამს ეთიკური მმართველობის სამ მნიშვნელოვან ასპექტს. პირველი, კოდექსის მიზანია მხარი დაუჭიროს ორგანიზაციებს კარგი ეთიკური მმართველობის მიღწევაში. მეორე, აღნიშნული მუხლი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ორგანიზაციებს მოუწოდებს, განსაზღვრონ ნორმები, რომელიც შეიცავს მითითებებს ქცევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს ორიენტაციას. მესამე, 1 მუხლის თანახმად, კოდექსი ვრცელდება „ყველა აქტორზე“. დამატებითი დეტალები წარმოდგენილია წინამდებარე განმარტებითი ანგარიშის შესავალში.
47. მე-2 მუხლში მითითებულია, რომ წინამდებარე კოდექსი ვრცელდება ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორზე. ტერმინი „ყველა აქტორი“ გულისხმობს ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი საქონლის და მომსახურების განსაზღვრაში, შესყიდვაში, უზრუნველყოფაში ან გადახედვაში (იხ. პუნქტი 6).
48. იმისათვის, რომ წინამდებარე კოდექსი იყოს თანმიმდევრული, მითითებულია, რომ კოდექსით დადგენილი პრინციპები ვრცელდება არჩეულ, დანიშნულ ან ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ მოხელეებზე, სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებზე და კერძო პირებზე, რომელთაც ევალებათ საზოგადოებრივი საქონლის მიწოდება ან მონაწილეობენ პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.
49. ამავე მიზნის მხედველობაში მიღებით, მე-2 მუხლი ადგენს, რომ ამ პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს უნდა სცემდეს ყველა აქტორი, თავიანთი კონკრეტული ფუნქციების შესრულებისას. აღნიშნული მოიცავს ყველა იმ ქმედების თავიდან აცილებას, რომელმაც, შესაძლოა, შექმნას წინამდებარე კოდექსით დადგენილი ეთიკური პრინციპების დარღვევის შთაბეჭდილება.
50. II სექცია მიზნად ისახავს იმ ზოგადი პრინციპების განსაზღვრას, რომელიც ყველა აქტორის ქცევას არეგულირებს. ეს პრინციპები ზოგადად არის ფორმულირებული და ისინი წარმოშობს საუკეთესო ძალისხმევის განხორციელების მოვალეობას, ნაცვლად კონკრეტული შედეგის მიღწევის მოვალეობისა. ისინი წაკითხული უნდა იქნან მე-3 სექციაში წარმოდგენილ კონკრეტულ მოვალეობებთან ერთობლიობაში, რომელიც იმ ზომების არა-შემზღუდავი ჩამონათვალია, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს აღნიშნული ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
51. მე-3 მუხლი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ყველა აქტორი თანაბრად ექვემდებარება კანონის უზენაესობას, რომელიც ზღუდავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციონალურ ქცევას. შესაბამისად, მისი მიზანია იმ სამართლებრივი ჩარჩოს უზენაესობის დადგენა, რომელშიც ყველა აქტორი იკავებს თანამდებობას და ასრულებს სამსახურებრივ ფუნქციებს, და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების გამორიცხვა, რომელთაც, შესაძლოა, გადაწონონ საზოგადოებრივი ინტერესი. პირადი ინტერესები, შესაძლოა, იყოს ფინანსური, პროფესიონალური ან საარჩევნო. ისინი პირდაპირ ან ირიბად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის შეეხება ეს ინტერესი - თავად აქტორს, თუ მის ახლობელს (ოჯახის წევრებს, მეგობრებს, პოლიტიკურ ჯგუფს). ასეთი ინტერესები, შესაძლოა, მომდინარეობდეს იმ ფაქტიდან, რომ ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული აქტორი, როგორც წესი, სოციალური ურთიერთობების ქსელის შემადგენელი ნაწილია. ეს სოციალური კავშირები, შესაძლოა, არ იყოს ეთიკური ქცევის დამაზიანებელი, ვინაიდან ისინი საჯარო ორგანიზაციებს საზოგადოებას უკავშირებს და ხელს უწყობს მათ ანგარიშვალდებულებას. ამავდროულად, ეს კავშირები, შესაძლოა, იყოს ინტერესთა კონფლიქტის წყარო.
52. მე-4 მუხლი ადგენს ფუნდამენტურ იდეას, რომლის თანახმადაც მათ, ვისაც უფლება აქვს, სხვებს წარმოადგენდნენ და იკავებდნენ სახელმწიფო თანამდებობას, ანგარიშვალდებულია თავიანთ საქმიანობასთან და ქმედებასთან დაკავშირებით. ანგარიშვალდებულება გულისხმობს ინსტიტუციონალიზებულ პროცესს, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ არის ანგარიშვალდებული რასთან დაკავშირებით და ვის წინაშე. ანგარიშვალდებულება ინდივიდუალური ან ინსტიტუციონალური ქცევის რეტროსპექტულად შეფასების ნორმატიული საფუძველია.
53. მე-5 მუხლი შეეხება ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა აქტორსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირს. თუ ანგარიშვალდებულება არის დემოკრატიული მმართველობის მთავარი კრიტერიუმი, მაშინ გამჭვირვალობა მისი მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების მიერ საჯარო სერვისებისა და დეპარტამენტების ფუნქციონირების ზედამხედველობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის და აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ხოლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, ჩადენილ იქნას მანდატის მფლობელთა მიერ, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას. ამრიგად, იგი შეეხება საზოგადოების წვდომას ინფორმაციაზე და დოკუმენტების, ჩანაწერების და სხვა წყაროების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასებას.
54. პოლიტიკა არის ზოგადი განაცხადი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესახებ. საჯარო პოლიტიკა გულისხმობს ყველა იმ ქმედებას, რომელსაც მთავრობა ან საჯარო ხელისუფლების ორგანოები იღებენ. იგი გულისხმობს როგორც საჯარო ქმედების პროდუქტს, მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ისე გადაწყვეტილების მიღების უწყვეტ და ხშირად კონფლიქტურ პროცესს, რომლის შედეგიც არის საჯარო ქმედება. გადაწყვეტილების მიღება შეეხება სადავო საკითხის განხილვის პროცესს, საბოლოო დასკნვის გაკეთებას ალტერნატივებთან დაკავშირებით, რესურსების შესახებ არჩევანის გაკეთებას და საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად სტრატეგიების შერჩევას. გადაწყვეტილების მიღების პროცესები გამჭვირვალობის და მისაწვდომობის გაკრვეულ სტანდარტებს უნდა იცავდეს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, პროტოკოლებზე, წერილობით დოკუმენტებზე და ნებისიერ ინფორმაციაზე, რომელიც ამ პროცესზე ახდენს გავლენას, და შეეძლოთ ამ ინფორმაციის შეფასება. საზოგადოებასთან კომუნიკაცია უნდა იყოს ამომწურავი და განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კონკრეტულ თემას არ იცნობენ, ამ თემის ყველაზე რელევანტური ასპექტების გააზრებას. მონაწილეობა გულისხმობს მოქალაქეთა ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებას, იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და იყვნენ ინფორმირებულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად, არ არის საკმარისი მხოლოდ მონაწილეობის შესაძლებლობების შექმნა. ასევე, აუცილებელია ადამიანების ინფორმირება იმაზე, თუ როდის და როგორ შეძლებენ მონაწილეობას.
55. მე-6 მუხლი აცხადებს, რომ ყველა ადამიანის მიმართ მოპყრობა უნდა იყოს პატივისცემაზე და ღირსებაზე დაფუძნებული. მზარდია საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების მრავალფეროვნება, ეთნიკური წარმომავლობის, გარეგნობის, რწმენის, სექსუალური იდენტობისა და ასაკის კუთხით. იგივე ვრცელდება იმ საზოგადოებებზე, რომელთაც ისინი ემსახურებიან. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში გეოგრაფიული მობილობის ფართომასშტაბიანი ზრდის, სოციალურ ღირებულებებსა და ცხოვრების სტილში კარგად დოკუმენტირებულ ცვლილებებისა და ნორმატიული საკითხების გათვალისწინებით, რომელიც მისდევს მკაფიო პოლიტიკურ დისკურსს, მაგალითად, იდენტობის პოლიტიკის ან აღიარების პოლიტიკის შესახებ, ახლა ისე, როგორც არასოდეს მაღალია ინკლუზიის მიმართულებით აქტიურად მუშაობის აუცილებლობა.
56. მრავალფეროვნება, პირველ რიგში, გულისხმობს განსხვავებას. ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავებების აღიარება მნიშვნელოვანია, რათა მრავალფეროვნება აღქმული იქნას, როგორც პოზიტიური ღირებულება სამუშაო ძალაში და საზოგადოებაში. ჰეტეროგენულობამ, შესაძლოა, შექმნას როგორც გამოწვევები, ისე შესაძლებლობები ღირებულებებთან, ქცევის ფორმებთან და წინასწარგანწყობებთან დაკავშირებით. პატივისცემაზე დაფუძნებული მოპყრობის ძირითადი ელემენტია ისეთი პოლიტიკის ფორმულირება, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციისგან დაცვას ორგანიზაციაში და ისეთი საზოგადოებრივი სერვისების მიწოდების კუთხით, როგორიცაა ტრანსპორტი და ჯანდაცვა. ორგანიზაციები ეფექტურად მუშაობენ მაშინ, როდესაც მრავალფეროვნების კონკრეტულ მოთხოვნებს პასუხობენ გამჭვირვალედ და მოქნილად, მაგალითად, შშმ პირებისა და ხანდაზმული თანამშრომლების მისაწვდომობის საკითხზე რეაგირებით ან იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სახლში ოჯახის წევრებზე ზრუნავენ, მოქნილი სამუშაო საათების უზრუნველყოფით. ინკლუზიური სამუშაო კონცეფციები მოითხოვს მოქნილობის მაღალ დონეზე ორგანიზაციებში. ამავდროულად, იგი ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელიც განსხვავებულობას ახლავს თან.
57. მე-7 მუხლი ხაზს უსვამს ექსპერტულ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს, როგორც ადამიანების სამსახურში აყვანისა და დაწინაურების ფუნდამენტურ კრიტერიუმს. ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ადამიანური რესურსების მართვა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას, ნაცვლად პოლიტიკურ კავშირებს, ნათესაობას ან სხვა სოციალურ მოვალეობებს. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია კანდიდატების საგანმანათლებლო მიღწევებზე და მათ მიერ სამუშაოს შესრულებაზე მკაფიო ფოკუსირებით.
58. მე-8 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, ნაცვლად მიკერძოების ან წინასწარგანწყობისა. ამ სიტყვის ფართო გაგებით, მიუკერძოებლობა მოიცავს დამოუკიდებლობის და ნეიტრალობის კონცეფციებს. ამავე მუხლის თანახმად, ადამიანები, რომელთაც განსხვავებული იდეები და ინტერესები აქვთ, სამართლიან და თანაბარ მოპყრობას უნდა დაექვემდებარონ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მე-8 მუხლი ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ ყველა პირს ავალდებულებს, მოახდინონ დისტანცირება თავიანთი პიროვნული ინტერესებიდან და სოციალურ კონფლიქტებზე მაღლა დადგნენ. თუ ეს შეუძლებელია ან თუ ამის შესაძლებლობა შეზღუდულია პირადი ინტერესების გამო, შესაბამისმა პირებმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დებულებების მიხედვით უნდა იმოქმედონ. ამასთან, აღნიშნული მუხლი წაკითხული უნდა იქნას მე-6 და მე-7 მუხლების დებულებებთან ერთობლიობაში.
59. მე-9 მუხლი შეეხება ინტერესთა კონფლიქტის გადაჭრას. ინტერესთა კონფლიქტის გადაჭრა საზოგადოებრივ საქმეთა სფეროში კეთილსინდისიერების ცენტრალური ნაწილია. ძირითადი პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იქნას, არის მკაფიო: საჯარო მოხელეებმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, რომ მათმა პირდაპირმა ან ირიბმა პირდმა ინტერესებმა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ინტერესს, რაც ამ შემთხვევაში არის მუნიციპალიტეტის ან რეგიონის ინტერესი. არც ერთი საჯარო გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ერთი ან მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირის პირადი ინტერესიდან მომდინარე ზეწოლის ქვეშ.
60. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვება ისეთ სიტუაციებში, სადაც პირს რამოდენიმე როლი აქვს. პირი, შესაძლოა ატარებდეს „ორ ქუდს“ (ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი), თუ საჯარო მოხელე ან ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობაში (მაგ., მოსამართლე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ადმინისტრატორი, კლერკი ან მასწავლებელი), ასევე, არის რომელიმე სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის ან კომპანიის დირექტორთა საბჭოს (საპატიო) წევრი. ზოგადად, როდესაც ადამიანს ერთზე მეტი ოფიციალური როლი აქვს, შესაძლოა რთული იყოს ამ როლების გამიჯვნა.
61. შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს „თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, პირადი უპირატესობის მისაღებად“, რაც უსამართლო ქცევას განაპირობებს. რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლება განსაკუთრებით მოწყველადია ინტერესთა კონფლიქტის მიმართ. იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტკური სისემა არსებობს, ხშირად ისინი პასუხისმგებლები არიან საჯარო პოლიტიკის იმპლემენტაციაზე და სერვისების მიწოდებაზე ისეთ სფეროებში, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ კორუფციისადმი მოწყველადი სფეროებია (როგორიცაა ურბანული დაგეგმვა, მშენებლობა, სოციალური სერვისები ან ლიცენზირება). ამას გარდა, მჭიდრო კავშირები მოქალაქეებთან, შესაძლოა, ქმნიდეს ეთიკურ გამოწვევებს, რომელიც გამოცდას უწყობს ყველა იმ პირის კეთილსინდისიერებას, რომელიც ჩართულია ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში.
62. ამ მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ქვეყნების უმრავლესობამ შემდეგ ოთხ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი:
a. რას უნდა მოიცავდეს შესაბამისი დებულება? ინტერესთა კონფლიქტის საკითხები, რომელსაც აღნიშნული მუხლი ეხება, ოთხ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული კონფლიქტები (თანამდებობასთან დაკავშირებული აქტივობები); პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული კონფლიქტები (მაგ., როდესაც თანამდებობის პირი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში); სხვა აქტივობა (მაგ., სხვა საჯარო ფუნქციები, საქველმოქმედო საქმიანობა და ა.შ.); და ფინანსური ინტერესები.
b. რა პერიოდს უნდა მოიცავდეს შესაბამისი დებულება? შესაბამისი დებულება, შესაძლოა, მოიცავდეს თანამდებობის დაკავებამდე პერიოდს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს და თანამდებობის დატოვების შემდგომ პერიოდს.
c. ვისზე უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი დებულება? ეთიკის წესები ფოკუსირებას ახდენს თანამდებობის პირზე, თუმცა, ინტერესთა კონფლიქტის შემცველი სიტუაციები, შესაძლოა, ასევე, ეხებოდეს თანამდებობის პირის ოჯახის წევრებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებს (მაგ., პარტნიორები, მეგობრები და პროფესიული კონტაქტები, რომელიც მას გააჩნდა თანამდებობის დაკავებამდე).
d. როგორ უნდა მოხდეს აღსრულების უზრუნველყოფა? ზოგადად, ეთიკის წესები შეიცავს დებულებებს ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის (მაგ. ტრენინგის საშუალებით), შიდა აღსრულების (ე.ი. ადმინისტრაციაში), გარე აღსრულების (მაგ. გარე ორგანოსთვის შეტყობინების გზით) და სანქციების (ე.ი. არაეთიკური ქცევის შედეგები) შესახებ.
63. ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს:
a. ინტერესთა კონფლიქტის გაზომვა და შეფასება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სასარგებლო ინფორმაციის გენერირებაზე, მაგ., თანამშრომლების შეფასებებითა და სხვა ინდიკატორებით;
b. გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე და ანგარიშვალდებულებაზე ფოკუსირების განმტკიცება, რათა დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც სჭირდებათ ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიების და შესაბამისი სანქციის დაკისრებისთვის;
c. ინტერესთა კონფლიქტთან ბრძოლის ძალისხმევის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლების ციკლების საშუალებით და ინტერესთა კონფლიქტის რისკების შესახებ სწავლებით;
d. ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის ეფექტურობის შეფასებაზე ფოკუსირება, პოლიტიკის კონკრეტულ სექტორებთან, პრობლემებთან, საკითხებთან ან ინსტრუმენტებთან მიმართებით.
e. ყურადღების გამახვილება შესაბამისობაზე და შედეგებზე და არა მხოლოდ წესების იმპლემენტაციაზე, როგორც ასეთი.
64. ქვეყნების უმეტესობა ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების ინტერესთა კონფლიქტის მართვის და „ზემოდან ქვემოთ“ მიდგომების ნაცვლად (აკრძალვა, შეზღუდვები, სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციები) ყურადღებას ამახვილებს უფრო კომპლექსურ, ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე, რაც მოიცავს განათლებას, სწავლებას, გამჭვირვალობის მოთხოვნებს და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას. შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის თანამედროვე სისტემები აღარ ეფუძნება მხოლოდ კანონს, შესაბამისობას და გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, არამედ, ისინი ორიენტირებულია ინტერესთა კონფლიქტის პრევენციაზე და სათანადო ქცევის წახალისებაზე, სახელმძღვანელო და საორიენტაციო ზომების გამოყენების გზით, როგორიცაა ტრენინგი და ქცევის კოდექსების დანერგვა. შედეგად, ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს ინსტრუმენტთა ფართო სპექტრი არაეთიკურ ქცევასთან და საბრძოლველად და ინტერესთა კონფლიქტის საპრევენციოდ.
65. დღეს-დღეობით ინტერესთა კონფლიქტის სფეროში ძირითადი სტანდარტებია:
a. წესების კრებული და პრინციპები: ეს ინსტრუმენტები უმეტესად აკრძალვებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს (მაგ. დაუშვებელია 250 ევროზე მეტი ღირებულების მქონე საჩუქრების მიღება). ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს აქტორებისა და სექტორების, აკრძალვების, შეზღუდვებისა და ვალდებულებების რაოდენობის მიხედვით.
b. ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის ოთხი გზა (განსაკუთრებით, თანამდებობის პირებისა და მაღალი რანგის მოხელეებისათვის): თვითაცილება, უარის თქმა, გამჟღავნება და შეუთავსებლობა. სამი მათგანი პრევენციის ზომას წარმოადგენს: თვითაცილება ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებიდან საკუთარი თავის გამორიცხვას; უარის თქმა ნიშნავს იმ ინტერესზე უარის თქმას, რომელიც ქმნის კონფლიქტს; გამჟღავნება ნიშნავს დაწესებულების, ხელმძღვანელი პირის და/ან საზოგადოების ინფორმირებას ფინანსური, პირადი და/ან პროფესიონალური „ინტერესების“ შესახებ.
c. კოდექსების შემუშავება: ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს გადაწყვეტილებების მიღებასთან და თანამშრომლების ჩართულობასთან დაკავშირებით (წარმომადგენლობითობა, დეტალურობა, რა სანქციები მოქმედებს დარღვევის შემთხვევაში, შეიცავს თუ არა კოდექსი გარკვეულ მოლოდინებს სამუშაო ადგილზე ქცევასთან დაკავშირებით და ა.შ.).
d. გამჟღავნების პოლიტიკა: ინტერესთა რეესტრის შემოღება, რომელიც ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური შემთხვევების დოკუმენტირებას. ამ შემთხვევაში, განსხვავებები არსებობს გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დეტალური ინფორმაცია უნდა იქნას შეტანილი რეესტრში და კონკრეტულ მოვალეობებთან დაკავშირებით (მაგ., მეუღლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნას რეესტრში თუ არა), და ა.შ. გამჟღავნების მოთხოვნები განსხვავდება თანამდებობების და სექტორების მიხედვით (ზოგადად, ასეთი მოთხოვნები არსებობს თანამდებობის პირებისთვის და მაღალი რანგის მოხელეებისთვის. სხვა აქტორებს და დაინტერესებულ მხარეებს ეს მოთხოვნები არ ეხებათ).
e. მონიტორინგის და აღსრულების მექანიზმები: მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ეთიკის კომიტეტებისა და ეთიკის კომისიების უფლებამოსილებებისა და რესურსების კუთხით, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ პირზე და კონკრეტულ სექტორზე. აღნიშნული კომიტეტების და კომისიების მოვალეობას წარმოადგენს ეთიკურ საკითხებზე კონსულტაციის გაცემა და/ან თავიანთ ორგანიზაციებში ინტერესთა კონფლიქტის განვითარების მონიტორინგი და კონტროლი. ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს სანქციებთან (სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული) დაკავშირებით, ეთიკური გადაცდომის შემთხვევებში.
f. ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, საჭიროა თუ არა სავალდებულო ტრენინგი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელსაც შესთავაზებენ ყველა საჯარო მოსამსახურეს ან მხოლოდ მაღალი რანგის მოხელეებს, ერთხელ ან რეგულარულად, და რას უნდა მოიცავდეს ტრენინგი - წესებისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას, თუ კონკრეტული დილემების განხილვასაც, და ა.შ.
66. მე-3 სექცია კონკრეტულ მოვალეობებს აკისრებს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართულ პირებს. ეს მოვალეობები ავითარებს ზოგად ამოცანებს, რომელიც აღწერილია მე-3 სექციაში. ზოგადი პრინციპებისა და კონკრეტული მოვალეობების განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, თავიდან იქნას აცილებული ისეთი ფორმულირება, რომელიც ზედმეტად ზოგადი ან ზედმეტად კონკრეტულია. ბუნებრივია, ამ მოვალეობებზე მეტად, პირველ რიგში, ყველა აქტორმა უნდა დაიცვას მე-2 სექციაში წარმოდგენილი ზოგადი პრინციპები.
67. მე-10 მუხლი კრძალავს კორუფციულ და თაღლითურ ქცევას, როგორც ასეთი. განსხვავებული განმარტებების და კონცეფციების მიუხედავად, არსებობს შეთანხმებები გარკვეულ ზოგად საკითხებთან დაკავშირებით. კორუფცია შესაძლოა მიჩნეული იქნას, როგორც ფარული ტრანზაქცია, რომლის მიზანია საზოგადოებრივი საქონლის - როგორიცაა ხელშეკრულებების ან დაფინანსების მოპოვება პირადი მიზნებისთვის. ხშირად იგი გულისხმობს საჯარო უფლებამოსილების მქონე პირის განზრახ ქმედებას, რომელიც მოიცავს გარკვეული უპირატესობის მოთხოვნას ან მიღებას ან გარკვეული უპირატესობის დაპირებას, მესამე მხარის სასარგებლოდ, იმგვარად, რაც არღვევს ამ პირის სამსახურებრივ მოვალეობებს და არ შეესაბამება ამ მოვალეობებთან დაკავშირებულ ეთიკურ პრინციპებს. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში ირღვევა კანონის უზენაესობა, თანასწორობის და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილების მიღების პრინციპები. კორუფციის შედეგები არის მწვავე და ფართომასშტაბიანი. კორუფცია არა მხოლოდ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და სოციალურ მობილობას, არამედ, იგი ძირს უთხრის დემოკრატიული და ადმინისტრაციული ინსტიტუტების მიმართ ნდობას და, შესაბამისად, მწვავე საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. მზარდად დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციულ სისტემებში, სადაც საჯარო სერვისების აუთსორსინგი ხდება ნახევრად სახელმწიფო ორგანიზაციებზე ან კერძო საწარმოებზე, ნებისმიერი ასეთი ინტერაქცია შეიცავს საკონკურსო/სატენდერო პროცესების მანიპულაციის, გადაწყვეტილების მიმღებთა მოქრთამვის ან წესებისა და პროცედურების გვერდის ავლის საფრთხეს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს კორუფციის დანაშაულის განსხვავებული განმარტებები, მითითება კეთდება კონკრეტულ წევრ სახელმწიფოში მოქმედ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებზე.
68. მე-11 მუხლის მიზანია, შექმნას თანაბარი სამოქმედო ველი ყველა იმ პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებაში. მომსახურების და საქონლის შესყიდვა უაღრესად რელევანტურია თანამედროვე საჯარო სამსახურის სისტემებში. ამავდროულად, აუთსორსინგი ქმნის კორუფციის შესაძლებლობებს, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალ კონკურენციას საქონლისა და მომსახურების ბაზარზე. კორუფციული ტრანზაქციები და საკონკურსო/სატენდერო პროცესების მანიპულაცია ზრდის ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ამცირებს სერვისების ხარისხს და აძვირებს მოქალაქეებისათვის საქონლის და მომსახურების მიწოდებას. საბოლოო ჯამში, აღნიშნული აზიანებს დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობას და ახდენს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას.[41]
69. მე-12 მუხლი არეგულირებს ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში ჩართული ნებისმიერი პირის მიერ სამომავლო უპირატესობების მოპოვების საკითხს. ეს შეეხება თანამდებობის პირთა მოძრაობას საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში და პირიქით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომავალი დასაქმება დაკავშირებულია წინა სამსახურებრივ მოვალეობებთან და კავშირებთან. საჯარო მოსამსახურეები ხშირად გადადიან ისეთ კომპანიებში, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივ სახელმწიფო შესყიდვებში, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ შიდა („ინსაიდერული“) ინფორმაცია, ან თანამდებობაზე ყოფნის დროს მოახდინონ პოლიტიკასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ფორმირება იმგვარად, რაც მათ მოგვიანებით, საჯარო სექტორში მუშაობისას, სარგებელს მოუტანს ან შექმნის სხვა შესაძლებლობებს მათთვის ან მათი მეგობრებისა და ნათესავებისთვის. მბრუნავი კარის ფენომენს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინტერესთა კონფლიქტის, კორუფციისა და არასათანადო გავლენების შესახებ დისკურსში.
70. თემა სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან იზრდება საჯარო და კერძო სექტორს შორის მობილობა და უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ან მენეჯერები გადადიან მეორე მხარეს. გამოწვევა შეიქმნა იმის გამო, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს ინტერესი, დაბრკოლებები შეუქმნას შრომის ბაზარზე არსებულ დინამიკას და უნარებისა და კომპეტენციების მიმოცვლას. არაერთი მთავრობა და გადაწყვეტილების მიმღები პირი აღნიშნულზე რეაგირებას ახდენს დასაქმების შემდგომი წესებისა და პრინციპების დანერგვით, რომელიც მიზნად ისახავს მბრუნავი კარის პრობლემის მართვას, იმპლემენტაციას და მონიტორინგს. ხშირად, ამ კონფლიქტების თავიდან აცილების გზად მიჩნეულია „გაგრილების“ პერიოდები.
71. მე-4 სექცია შეეხება იმ დაწესებულებებს და პროცედურებს, რომელიც კეთილსინდისიერების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილია. მათი შექმნა უნდა მოხდეს წინამდებარე კოდექსის პრინციპების და დებულებების იმპლემენტაციის მხარდასაჭერად და ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში მონაწილე ყველა აქტორის მიერ ზოგად პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
72. მე-13 მუხლი ორგანიზაციებს მოუწოდებს, პროაქტიულად მისდიონ ეთიკური ორგანიზაციების მართვის მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული მოიცავს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხების მართვის შესახებ კომპლექსური და სათანადო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას. საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია ორგანიზაციის ღირებულებებისა და ქცევის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თანამშრომელთა დახმარება ეთიკურ რისკებთან და დილემებთან პროფესიულად გამკლავების კუთხით და ეთიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. ადამიანებისათვის ფართო ინფორმაციაზე, საკონსულტაციო სერვისებზე და სასწავლო შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფა შექმნის მათი გაძლიერების საფუძველს, რათა მათ შეძლონ რისკებზე ეფექტური რეაგირება, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
73. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია საკონსულტაციო სერვისების იმპლემენტაცია, რაც თანამშრომლებსა და მთლიან განყოფილებებს ეხმარება პერსონალთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში, ეთიკური ნორმების დარღვევის რისკების შემცველი სფეროებისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო სიტუაციების იდენტიფიცირებაში და ამ რისკებზე რეაგირების მიზნით კონკრეტული სტრატეგიების ადაპტირებაში. კონსულტაციის ძირითადი მიზანია სტრესის შემცირება და ყველა თანამშრომლის მხარდაჭერა, რათა ისინი წარმატებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რომლებიც აფერხებს ინდივიდუალური თანამშრომლის ან განყოფილების შესაძლებლობას, წარმატებით შეასრულოს თავისი მოვალეობები. საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა მხარდაჭერა აღმოუჩინონ თანამშრომლებს, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე რეაგირების კუთხით, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, დისკრიმინაცია, თაღლითური ქცევა და ინტერესთა კონფლიქტი.
74. მე-14 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერების პოლიტიკა უნდა განმარტავდეს პროცედურებს და უფლებებს კეთილსინდისიერების მოთხოვნების დარღვევის სავარაუდო შემთხვევების შეტყობინებასთან დაკავშირებით. შეტყობინება გულისხმობს შიდა და გარე ორგანოების ან საზოგადოების ინფორმირებას სავარაუდო დარღვევის შესახებ. სახელმწიფო ორგანიზაციებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების ავტორები, რომლებიც, შესაძლოა, მოწყველად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შედეგად, ისინი შეძლებენ, პროფესიონალური რეაგირება მოახდინონ დასაქმებულების, საბჭოს წევრების, კონტრაქტორების ან მოქალაქეების მიერ წამოჭრილ პრობლემურ საკითხებზე და ისინი შურისძიებისგან დაიცვან. შეტყობინების არხები უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, გამჭვირვალე და ყველასათვის ღია. ასევე, საჭიროა სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების პროცედურებისა და პრინციპების განსაზღვრა.
75. კონფიდენციალური მრჩეველი არის პირი, რომელსაც დასაქმებულები კონფიდენციალურობის დაცვით მიმართავენ კეთილსინდისიერების შესახებ კითხვებით. ასეთი საუბრების კონფიდენციალურობა მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული. მრჩეველს აქვს ინფორმაცია შეტყობინების პროცედურების შესახებ და მას შეუძლია, გასცეს რჩევა, თუ რამდენად მიზანშეწონილია სავარაუდო დარღვევის შეტყობინება და როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული. რჩევის გაცემასთან ერთად, კონფიდენციალურ მრჩეველს შეუძლია შეასრულოს ე.წ. „ხმოვანი დაფის“ (sounding board) როლი - პირისა, რომლისთვისაც შესაძლებელია ეჭვების და შიშების კონფიდენციალურობის დაცვით გაზიარება.
76. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დარღვევის შეტყობინების ბარიერი (ზღურბლი) მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს, რათა ადრეულ ეტაპზევე მოხდეს სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება. კონფიდენციალურ მრჩეველს შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ბარიერის შემცირებაში. ზღურბლი, რომელიც პირმა უნდა გადაკვეთოს იმისათვის, რომ მიმართოს კონფიდენციალურ მრჩეველს უფრო დაბალია მაშინ, როდესაც მრჩეველი პასუხისმგებელია როგორც შევიწროების, ისე კეთილსინდისიერების საკითხებზე. აღნიშნული აუმჯობესებს შეტყობინების სისტემის ეფექტურობას. იმისათვის, რომ არსებობდეს შეტყობინების დაბალი ზღურბლი, რეკომენდებულია, რომ ლოიალურობის კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, კონფიდენციალურმა მრჩეველმა მხარი დაუჭიროს შეტყობინების ავტორს და არა ორგანიზაციას. ზღურბლი მაქსიმალურად დაბალია, თუ კონფიდენციალური მრჩეველი არ არის პირი, რომელიც ფორმალურ შეტყობინებებს იღებს, არამედ, იგი ასრულებს ე.წ. „ხმოვანი დაფის“ როლს შეტყობინების (პოტენციური) ავტორებისთვის.
77. მე-5 სექციის თანახმად, ზედამხედველობა მოითხოვს ერთმანეთთან დაბალანსდეს ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ციფრული ტექნოლოგია და კომუნიკაციის ახალი ფორმები სულ უფრო და უფრო მეტ გავლენას სახელმწიფო ორგანიზაციების ახდენს მართვაზე, მონიტორინგზე და კომუნიკაციაზე. სამუშაო პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას გააჩნია განყოფილებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალე პროცესების შექმნის პოტენციალი, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის გამოყენების გზით - მაგალითად, შესყიდვების სფეროში.
78. ორგანიზაციები მუდმივად ახდენენ მონაცემების დამუშავებას. აღნიშნული მოიცავს ორგანიზაციული პროცესების, ქცევის, საქმიანობის და ფინანსების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შენახვას, მანიპულირებას და შეტყობინებას. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მონაცემების ინტერპრეტაცია და ანალიზი ხდება რუტინულად. სტატისტიკური ანალიზი დიდი მოცულობის რაოდენობრივი მონაცემების შეფასების საერთო მეთოდს წარმოადგენს. მონაცემთა დამუშავების ამგვარი აქტივობები თანამედროვე ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემების ძირითადი შემადგენელი ელემენტები გახდა. პოტენციური რისკების, ეთიკური დარღვევებისა და ორგანიზაციული ხარვეზების სხვა ასპექტების შესახებ სასარგებლო სიღრმისეული ინფორმაციის მოსაპოვებლად, ორგანიზაციები ახდენენ მონაცემების დამუშავებას და აკეთებენ დასკვნებს მიმდინარე და წარსული აქტივობების შესახებ.
79. ადამიანები, რომლებიც ასეთ მონაცემებზე მუშაობენ, ვალდებულები არიან, პატივი სცენ გარკვეულ პრინციპებს. მე-15 მუხლი ორგანიზაციებს მოუწოდებს, ძირითადი პრინციპების სახით უზრუნველყონ კანონიერება, პროპორციულობა, ეფექტურობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, როდესაც საქმე ეხება მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. მონაცემები უნდა დამუშავდეს იმგვარად, რაც კანონთან შესაბამისობაშია. გამოყენებული მონაცემების ხარისხი და რაოდენობა უნდა იყოს მოკვლევის მიზნის პროპორციული. ამასთან, ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ, რომ მონაცემების შეგროვება და დამუშავება მოითხოვს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. შესაბამისად, მონაცემების დამუშავება არ უნდა მოხდეს გადაჭარბებით. რესურსების ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომლის გათვალისწინებითაც უნდა განხორციელდეს ნებისმიერი ქმედება.
80. პერსონალური მონაცემების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, სექსუალურ ორიენტაციას, რასას ან ნებისმიერ ბრალდებას, პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. იგი პირდაპირკავშირშია ნებისმიერი პირის უფლებასთან, გაეცნოს იმას, თუ რა მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება. ცალსახაა, რომ მონაცემების მოპარვის, დაკარგვის ან მათზე უკანონო წვდომის განხორციელების შემთხვევაში, ორგანო, რომელიც ამ მონაცემებს ამუშავებს, ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი პირის ინფორმირება. შესაბამისად, ორგანიზაციაში უნდა მოქმედებდეს სათანადო პროცედურები, რომელიც შესაბამის პირებს ამ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
81. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო მეტად დეცენტრალიზებულები ხდებიან, მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია, ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციას, ზედამხედველობის დათმობის გარეშე. „ბოროტი პრობლემები“, ყალბი ამბები და წინასწარი უნდობლობა საჯარო დაწესებულებების მარეგულირებელი შესაძლებლობების მიმართ ქმნის ინფორმაციისა და მონაცემების შეფასების კომპეტენციის განმტკიცების და საზოგადოებისათვის მიგნებებისა და გადაწყვეტილებების ობიექტურად მიწოდების საჭიროებას. დასაქმებულების, მოქალაქეებისა და საქმიანობის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და გაზიარების შესაძლებლობის გაზრდით, ორგანიზაციები შეძლებენ, შეისწავლონ თავიანთი საქმიანობა, გაიუმჯობესონ სამუშაო პროცესები და შეამცირონ კორუფციისა და თაღლითური ქცევის რისკები. ამავე მიზეზების გამო, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა აქტიურად დაიცვან თანამშრომლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ეფექტურად დაარეგულირონ ზედამხედველობის მექანიზმები და ინსტიტუციები. აუდიტისა და კონტროლის მექანიზმები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს და ექვემდებარებოდეს გადახედვას.
82. მე-6 სექცია არეგულირებს კოდექსის გავრცელებას საზოგადოებაში და იმ აქტორებს შორის, რომლებიც ჩართულები არიან ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებაში, და კოდექსით დადგენილი პრინციპების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზაციები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ ისეთი სამუშაო ადგილი, სადაც ეთიკური ნორმების დარღვევის რისკები შეზღუდულია. იმისათვის, რომ კოდექსი იყოს ეფექტური, საჭიროა, რომ იგი გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ ახალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ტრენინგებში, არამედ, არსებული თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში.
[1] L: ადგილობრივ ხელისუფალთა პალატა / R: რეგიონების პალატა
EPP/CCE: ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი კონგრესში
SOC/G/PD: სოციალისტების ჯგუფი, მწვანეები და პროგრესული დემოკრატები
ILDG: დამოუკიდებელი ლიბერალური და დემოკრატიული ჯგუფი.
ECR: ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი.
NR: წევრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კონგრესის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას
[2] განხილულია და მიღებულია კონგრესის მიერ, 2018 წლის 7 ნოემბერს, მე-2 სხდომაზე (იხ. დოკუმენტი CG35(2018)12, განმარტებითი მემორანდუმი), მომხსენებელი: მანუელა ბორა, იტალია (R, SOC).
[3] ანგარიში მომზადებულია შემდეგი ექსპერტების დახმარებით: Patrick VON MARAVIĆ, კონგრესის ქცევის კოდექსის გადახედვის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე და დამოუკიდებელი კონსულტანტი, DAAD-ის ყოფილი ასოცირებული პროფესორი ალბერტას უნივერსიტეტში, გერმანია; Patrizio MONFARDINI, კალიარის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იტალია; Gjalt DE GRAAF, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების და საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტი, ნიდერლანდები; Christoph DEMMKE, მოწვეული პროფესორი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია.
[4] კონგრესის რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ (Resolution 79(1999) on political integrity of local and regional elected representatives)
[5] კონგრესის რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების უფლებები და მოვალეობები: კორუფციის რისკები“ (Resolution 316(2010), “Rights and duties of local and regional elected representatives: the risks of corruption”)
[7] კონგრესის პრიორიტეტები, 2017-2020 წწ., გვ.გვ.11-12: „კონგრესი იმუშავებს, რათა მოახდინოს კორუფციის პრევენციის გზების იდენტიფიცირება, განსაკუთრებით იმ ფასეულობების განმტკიცებით, რომელიც ეფუძნება ეთიკას და გამჭვირვალობას. აღნიშნული მოიცავს გამჭვირვალობას ინტერესთა დეკლარაციებსა და სახელმწიფო შესყიდვებში. ანგარიშები მომზადდება და მოხდება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ 1999 წელს მიღებული ქცევის კოდექსის გადახედვა და განვრცობა, რათა მან მოიცვას აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლები და მოხელეები ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობაში.“
[8] კონგრესის რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კორუფციის პრევენციის და საჯარო ეთიკის ხელშეწყობის შესახებ (Resolution 401 (2016) on Preventing corruption and promoting public ethics at local and
[9] შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: “ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ ქცევის კოდექსის გადახედვა“ [13/2016/GOV], მიღებულია კონგრესის ბიუროს მიერ, 2016 წლის 21 ოქტომბერ გამართულ შეხვედრაზე.
[10] საკონსულტაციო ჯგუფი 4 ექსპერტისგან შედგებოდა (Patrick VON MARAVIĆ, თავმჯდომარე; Patrizio MONFARDINI; Gjalt DE GRAAF და Christoph DEMMKE), ასევე, კონგრესის სამდივნოს ორი წევრი. ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 1 მარტს (პარიზში) და 2018 წლის 5 მარტს (პარიზში). (Skype კონფერენციები: 2017 წლის 4 აპრილი, 2017 წლის 23 მაისი, 2017 წლის 30 მაისი, 2017 წლის 10 ოქტომბერი, 2017 წლის 24 ოქტომბერი, 2018 წლის 13 თებერვალი)
[11] ნიდერლანდების ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება, 2011 წლის 6 აპრილი
[13] Loi organique n° 2017-1338 pour la confiance dans la vie politique, გამოქვეყნდა 2017 წლის 5 სექტემბერს
[14] ინტერვიუ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ეთიკის ოფიცერთან, Ferdinand Melin-Soucramanien, ხელმისაწვდომია აქ: http://www.huffingtonpost.fr/ferdinand-melin-soucramanien/moralisation-vie-publique-temoignage-progres-ethiques-assemblee-nationale_a_22578221/
[15] ხელმისაწვდომია აქ:: https://www.gov.uk/government/publications/the-7-principles-of-public-life/the-7-principles-of-public-life--2
[16] The Local Authorities (Model Code of Conduct) Order 2007, 2007 No. 1159,
17 The Councillors’ Code of Conduct, შოტლანდია
[21] Code of Amendment to the Code of Conduct of Civil Servants of Republika Srpska, მიღებულია 139-ე სესიაზე, 2009 წლის 3 სექტემბერს
[22] სამოქმედო პროგრამა კორუფციის წინააღმდეგ, მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ, 578-ე შეხვედრაზე (1996 წლის 18-21 ნოემბერი)
[24] რეზოლუცია (97) 24, მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ, 1997 წლის 6 ნოემბერს, მინისტრთა კომიტეტის 101-ე სესიაზე.
[25] სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ, ETS No.173, ხელმოწერებისთვის გაიხსნა: 27/01/1999, ძალაში შევიდა: 01/07/2002
[26] სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ , ETS No.174, ხელმოწერებისთვის გაიხსნა: 04/11/1999, ძალაში შევიდა:01/11/2003
[27] მუხლი 9 – დასაქმებულთა დაცვა, სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (ETS No. 174)
[28] მუხლი 24, სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ
[29] შეფასების პირველი რაუნდი (2000–2002) შეეხებოდა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციაში ჩართული ცენტრალური ორგანოების დამოუკიდებლობის, სპეციალიზაციისა და საშუალებების შეფასებას; იმუნიტეტის ფარგლებსა და მოცულობას. შეფასების მე-2 რაუნდი (2003–2006) სხვა საკითხებთან ერთად ყურადღებას ამახვილებდა საჯარო ადმინისტრირებასა და კორუფციაზე (აუდიტორული სისტემები და ინტერესთა კონფლიქტი). შეფასების მე-3 რაუნდი (დაიწყო 2007 წლის იანვარში) შეეხებოდა კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციაში გათვალისწინებულ დანაშაულებს და პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობას. შეფასების მე-4 რაუნდი (2012) ყურადღებას ამახვილებდა პალამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის პრევენციაზე.
[30] მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ, საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსების შესახებ (Recommendation No. R (2000) 10of the Committee of Ministers to Member states on codes of conduct for public officials), მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ, 106-ე სესიაზე, 2000 წლის 11 მაისს.
[31] ევროკავშირის ანტიკორუფციული ანგარიში, კომისიის ანგარიში საბჭოს და ევროპარლამენტის მიმართ, COM(2014) 38 final, 03/02/2014
[32] https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/policies/organized-crime-and-human-trafficking/corruption/experience-sharing-programme_en
[33] 1998 წლისOECD-ს საბჭოს რეკომენდაცია საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევის გაუმჯობესების შესახებ, საჯარო სამსახურში ეთიკის მართვის პრინციპების ჩათვლით.
[35] 2016-2019 წლების სამუშაო პროგრამა, Anti-Corruption Network for Eastern Europe and Central Asia, OECD
[36] “საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერება გულისხმობს საერთო ეთიკური ღირებულებების, პრინციპებისა და ნორმების მუდმივად დაცვას და მათთან შესაბამისობას, საჯარო ინტერესის დასაცავად და კერძო ინტერესებთან შედარებით პრიორიტეტის მისანიჭებლად, საჯარო სექტორში“, OECD Recommendation of the Council on Public Integrity (C(2017)5)
[37] რეზოლუცია 79 (1999) ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ (Resolution 79 (1999) on political integrity of local and regional elected representatives), კონგრესმა განიხილა და მიიღო 1999 წლის 17 ივნისს.
[38] ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, უკრაინულ, სომხურ, ქართულ და არაბულ ენებზე
[39] კონგრესის თანამშრომლობითი საქმიანობა წევრ სახელმწიფოებში და მეზობელ რეგიონებში CG/BUR14(2017)INF52, სიტუაცია 2017 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით
[41] დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. კონგრესის ანგარიშიCG33(2017)13final “ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა”, რეზოლუცია 421(2017) და რეკომენდაცია 405(2017)