პირველი სექცია 

 

 

 

 

 

 

საქმე იუდიცკაია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ

 

(განაცხადი  no. 5678/06)

 

 

 

 

 

 

 

სასამართლო გადაწყვეტილება 

 

 

სტრასბურგი

 

2015 წლის 12 თებერვალი 

 

 

საბოლოო 

12/05/2015

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის საფუძველზე. გადაწყვეტილება შეიძლება სარედაქციო გადასინჯვას დაექვემდებაროს 

არაოფიციალური თარგმანი. მომზადებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის_საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა_ფარგლებში. დოკუმენტი ითარგმნა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. აქ გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.


საქმეზე იუდიცკაია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (პირველი სექცია), მოსამართლეთა შემდეგი შემადგენლობით:

იზაბელ ბერო,  თავმჯდომარე

ჯულია ლაფრანკი

პაოლო პინტო ალბუკერკი

ლინოს ალეხანდრე სიცილიანოსი 

ერიკ მოსე

ქსენია ტურკოვიჩი 

დიმიტრი დედოვი, მოსამართლეები

და სორენ ნიელსენი, სასამართლო გამწესრიგებელი

 

2015 წლის 20 იანვარს იმსჯელა მოცემულ საქმეზე, და მითითებულ თარიღში შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა: 

 

 

პროცედურა 

 

  1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 5678/06) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც 2005 წლის 22 დეკემბერს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა რუსეთის ხუთმა მოქალაქემ: ქალბატონმა დინა იაკოვლევნა იუდიცკაიამ, ქალბატონმა ნატალია ვლადიმიროვნა იუდიცკაიამ, ბატონმა ალექსანდრ ვიქტოროვიჩ კიჩევმა, ქალბატონმა ელენა რობერტოვნა ლავრენტევამ და ბატონმა ვალერი ვალერიევიჩ ფროლოვიჩმა (მომჩივნებმა).

 

  1. რუსეთის მთავრობის (“მთავრობა“) ინტერესებს წარმოადგენდა ქალბატონი ვ. მილინჩუკი, ადამიანის  უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ყოფილი წარმომადგენელი. 

 

  1. მომჩივანების საჩივრის შესაბამისად, არ არსებობდა მათი იურიდიული მომსახურეობის კომპანიის ოფისში ჩხრეკის ჩატარებისა და კომპიუტერების ჩამორთმევის კანონიერი საფუძველი. 

 

  1. 2007 წლის 16 მარტს მთავრობას ეცნობა  საჩივრის თაობაზე. 

 

  1. მთავრობამ პროტესტი გამოხატა საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი მხარის  ერთობლივად განხილვასთან დაკავშირებით. სასამართლომ იმსჯელა მთავრობის შეპასუხებაზე და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.   

 

ფაქტები 

I.  საქმის გარემოებანი  

 

6. პირველი განმცხადებელი, ქ-მი დინა იაკოვლევნა იუდიცკაია  - 1950 წელს დაბადებული. მეორე განმცხადებელი, ქ-ნი ნატალია ვლადიმიროვნა იუდიცკაია - 1979 წელს დაბადებული. მესამე განმცხადებელი, ბ-ნი ალექსანდრ ვიქტოროვიჩ კიჩევი – 1966 წელს დაბადებული. მეოთხე განმცხადებელი, ქ-ნი ელენა რობერტოვნა ლავრენტევა, 1965 წელს დაბადებული. მეხუთე განმცხადებელი, ბ-ნი ვალერი ვალერიევიჩ ფროლოვიჩი - 1966 წელს დაბადებული. ისინი პერმში ცხოვრობენ.

 

7. მომჩივანები პერმის ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. ისინი ფირმის „ბიზნეს ი პრავოს“  იურისტები არიან. გასაჩივრებული მოვლენების პერიოდში ფირმის ოფისი შედგებოდა მისაღებისგან, ხუთი კაბინეტისგან და საკონფერენციო დარბაზისგან. პირველ და მეორე განმცხადებელს საერთო  კაბინეტი ჰქონდათ. მეოთხე განმცხადებელს, და ავოკატ „პ“-ს ცალ-ცალკე კაბინეტები ჰქონდათ. მესამე და მეხუთე განმცხადებელი ადვოკატ ი.თ-სთან ერთად ინაწილებდნენ კიდევ ერთ კაბინეტს. ყველა ადვოკატს  საკუთარი კომპიუტერი გააჩნდა. გარდა ამისა, ოფისში კიდევ ერთი კომპიუტერი იყო, რომელითაც ყველა ადვოკატი სარგებლობდა. 

 

 8.  2004 წლის პირველ დეკემბერს სასამართლო აღმასრულებლების მიერ ქრთამის აღებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საქმეში ასევე ფიგურირებდა სახელმწიფო უნიტარული საწარმო კიროვის სახელობის პერმის ქარხანა („ქარხანა“)  და სასამართლო აღმასრულებელი „თ“. მთავრობის შესაბამისად, 2005 წლის იანვარში ქარხნის დირექტორმა „კ“-მ ქრთამის სახით სასამართლო აღმასრულებელს 300,000 რუბლი გადაუხადა. ქრთამის გამოძალვა აღმასრულებელმა „თ“-მ განახორციელა. „ტრანზაქციის“ ლეგალიზაციის მიზნით „თ“-მ თხოვნით მიმართა თავის ძმას - ი.თ-ს, რათა მას ხელი მოეწერა ფიქტიურ კონტრაქტზე ქარხნისთვის იურიდიული  მომსახურეობის გაწევის თაობაზე. 

9.  2005 წლის 7 თებერვალს ი.თ-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს ქარხნისთვის საგადასახადო და სხვა საკითხებზე იურიდიული მომსახურეობის გაწევის თაობაზე.

 

10. მთავრობის შესაბამისად, დაუზუსტებელ თარიღში გამომძიებელმა დაკითხა „კ“ და „თ“. ორივემ აღიარა, რომ ქრთამის გამოძალვის სქემაში იღებდნენ მონაწილეობას. 

 

11.  2005 წლის 6 მაისს პერმის ლენინის რაიონის სასამართლომ ჩხრეკის ორდერი გასცა, რომლის საფუძველზე იურიდიული კომპანია „ბიზნეს ი პრავო“-ს ოფისში ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. მოცემული გადაწყვეტილება შემდეგნაირად იყო დასაბუთებული:  

 

2004 წლის 1 დეკემბერს პერმის რაიონული სასამართლოს აღმასრულებლების N48 განყოფილების წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება დაიწყო [მექრთამეობა განსაკუთრებით მსხვილი მოცულობით]. სახელმწიფო უნიტარულმა საწარმომ კიროვის სახელობის პერმის ქარხანამ და იურიდიულმა კომპანიამ „ბიზნეს ი პრავომ“ ფიქტიური კონტრაქტი გააფორმეს, რათა მექრთამეობის ფაქტი დაემალათ. გამომძიებელმა იურიდიული კომპანიის „ბიზნეს ი პრავო“-ს ოფისის ჩხრეკის ნებართვის მიღების მიზნით მიმართა სასამართლოს, რათა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოეღო“.  

 

[სასამართლომ] მიიჩნია, რომ გამომძიებლის მოთხოვნა  მართლზომიერი იყო და დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო, რადგანაც გონივრული ეჭვი არსებობდა იმის თაობაზე, რომ იურიდიული კომპანია „ბიზნეს ი პრავოს“ ოფისში დაცული დოკუმენტები მოცემული სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე ინფორმაციას შეიცავდნენ“. 

 

12.  2005 წლის 16 მაისს გამომძიებელმა კომპანიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკას მომჩივანები და ორი არა-ექსპერტი მოწმე ესწრებოდა. 

 

 13.  მომჩივანების განცხადებით, მათ ნებაყოფლობით გადასცეს გამომძიებელს მის  მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოფისის ყველა ოთახი გაიჩხრიკა, მათ შორის იმ მომჩივანების ოთახებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქარხანასთან. გამომძიებლებმა ყველა სტაციონარული და პერსონალური კომპიუტერები (ლეპტოპები) ჩამოართვეს მომჩივნებს და ამ კომპიუტერების მყარ დისკებზე არსებული მთელი ინფორმაცია გადაიწერეს. კომპიუტერები კომპანიას ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნეს. 

 

14.  განმცხადებლებმა 2005 წლის 6 მაისს გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მათ განაცხადეს, რომ პერმის კიროვის სახელობის ქარხანასთან კონტრაქტი არა იურიდიულმა კომპანია „ბიზნეს ი პრავომ, არამედ იურისტმა ი.თ-მ პირადად გააფორმა, და რომ შესაბამისად, არ არსებობდა იურიდიული ფირმის ჩხრეკის საფუძველი. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ ზემოთხსენებული კონტრაქტი ფიქტიურ კონტრაქტად გამოაცხადა მანამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განმცხადებლების კომპიუტერებში არსებული ინფორმაცია ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიითაა დაცული  და შესაბამისად, ოფისის ჩხრეკა და კომპიუტერების კონფისკაცია ადვოკატების შესახებ კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. 

 

15.  2005 წლის 23 ივნისს პერმის  სამხარეო სასამართლომ უარყო განმცხადებლების აპელაცია იმ საფუძველზე, რომ ჩხრეკის ორდერი კანონიერი  იყო.   სამხარეო სასამართლოს აზრით, რაიონულმა სასამართლომ კი არ დაადგინა, რომ კონტრაქტი ფიქტიური იყო, არამედ უბრალოდ ახსენა, რომ გამოძიების აზრით იგი ფიქტიურია. 

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

 

16.  რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს თუ საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისა, რომ დანაშაულის ინსტრუმენტი, ან დანაშაულთან დაკავშირებული საგნები, დოკუმენტები ან ძვირფასეულობა შეიძლება კონკრეტულ ადგილას ან კონკრეტული ადამიანის მფლობელობაში იმყოფებოდეს (მუხლი 182 § 1).

 

 17.  ადვოკატის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ჩხრეკის თაობაზე ნებართვა სასამართლო ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ინფორმაცია, საგნები და დოკუმენტები მტკიცებულების სახით მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამოყენებული, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ისინი არ არიან დაცული ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიით (იხილეთ 2002 წლის 31 მაისის ადვოკატების შესახებ no. 63-FZ კანონის მუხლი 8 § 3). 

 

 18.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადვოკატების შესახებ კანონის შესაბამისი მუხლების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომლითაც იურიდიული კომპანიის ოფისის ჩხრეკის ნებართვა გაიცა, დაკონკრეტებული უნდა იყოს ჩხრეკის ფარგლები და მისი ჩატარების მიზეზები, რათა ჩხრეკის შედეგად საგამოძიებო ორგანოების ხელში არ აღმოჩნდეს იმ ადვოკატების კლიენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება არ მიმდინარეობს (რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება No. 439-O).  

 

 19.  ჩხრეკის ჩატარებამდე გამომძიებელმა უნდა შეატყობინოს იმ პირებს, რომელთა ოფისის ან საცხოვრებლის ჩხრეკა მიმდინარეობს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საგნების, დოკუმენტების ან ძვირფასეულობის  გამოძიებისთვის ნებაყოფლობით გადაცემის შესაძლებლობა და ასეთ შემთხვევაში გამომძიებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩხრეკა აღარ ჩატარდეს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 182 § 5). 

 

 20.  გამომძიებლის ნებართვით ჩხრეკას შეიძლება ესწრებოდეს იმ პირის იურიდიული მრჩეველი და/ან ადვოკატი, რომლის ოფისის ან საცხოვრებლის ჩხრეკა მიმდინარეობს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 182 § 11). 

 

 სამართალი

 

I.  კონვენციის მე-8 მუხლის  სავარაუდო დარღვევა  

21.  განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათ ოფისში ჩხრეკის ჩატარება და კომპიუტერების ამოღება, რომლებიც კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდნენ, კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევას წარმოადგენდა.  სასამართლომ განიხილა განაცხადი კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნების დარღვევის საგანზე, რომელიც შემდეგს ადგენს: 

1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

22.  მთავრობამ თავის შეპასუხებაში უარყო მომჩივანების მოცემული არგუმენტი და განაცხადა, რომ მისი აზრით მომჩივანის განაცხადი დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული. მთავრობის აზრით, ჩხრეკა ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ჩატარდა და განმცხადებლების კონვენციით დაცული უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო ორგანოებმა ჩხრეკა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ჩაატარეს. ჩხრეკასთან დაკავშირებით სასამართლო ორდერი იქნა გაცემული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ჩხრეკის მიზანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის შესასწავლად საჭირო დოკუმენტების მოპოვება. ჩხრეკის პროცესში გამოძიებამ ი.თ-სა და ქარხანას შორის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამოიღო. მან ასევე დააყადაღა კომპიუტერები და განმცხადებლების თხოვნით ცალკე მყარ დისკზე გადაწერა ამ კომპიუტერებში დაცული ინფორმაცია. შემდგომ კომპიუტერები მომჩივანებს დაუბრუნეს და მყარი დისკი განადგურებული იქნა. მომჩივანების კომპიუტერებში არსებული ინფორმაცია არ ყოფილა გამოყენებული ისეთი გზით, რომ დარღვეულიყო ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიის დაცვაზე მიმართული კანონმდებლობა.

 

23.  მომჩივანებმა განაცხადეს, რომ მათი საჩივარი სამართლის საკითხებსა და არსებით მხარესთან დაკავშირებით სერიოზულ  ასპექტებს შეეხება და დასაშვებად უნდა იყოს მიჩნეული. თავის არგუმენტებში მომჩივანები ასევე აღნიშნავდნენ, რომ მათ ოფისში ჩატარებული ჩხრეკა მე-8 მუხლით დადგენილი სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომლითაც ჩხრეკის ნებართვა გაიცა, არ იყო დაკონკრეტებული ჩხრეკის ფარგლები, ან ისეთი ღონისძიებები, რომელთა შედეგად ფირმის სხვა კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული ყოფილიყო და ამ ინფორმაციაზე ჩხრეკა არ გავრცელებულიყო. მომჩივანების აზრით, ჩხრეკის რეალურ მიზანს წარმოადგენდა იმ ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზე ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც ფირმის კლიენტები იყვნენ. და ბოლოს, მათ უარყვეს მთავრობის განცხადება, რომლის შესაბამისადაც მათ გამომძიებელს თხოვნით მიმართეს, რომ კომპიუტერებში დაცული ინფორმაცია მყარ დისკზე გადაეწერა. 

.  დასაშვებობა 

24.  სასამართლომ აღნიშნა, რომ განაცხადი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 () მუხლის მნიშვნელობით. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ  საჩივარი არ შეიძლება დაუშვებლად იყოს მიჩნეული რაიმე სხვა საფუძველზე და შესაბამისად, იგი დასაშვებია. 

.  არსებითი მხარე 

სასამართლოს შეფასება 

()  ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებაში ჩარევას 

25.  მხარეები არ დაობენ იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული მოქმედებები განმცხადებლების კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას წარმოადგენენ, და სასამართლოს არ გააჩნია რაიმე მიზეზი, რომ სხვაგვარად მიიჩნიოს. სასამართლოს აზრით, მომჩივანების ოფისის ჩხრეკა და მათი კომპიუტერების ამოღება მათი „პირადი ცხოვრების“, „საცხოვრებლისა“ და კორესპონდენციის“ პატივისცემის უფლების დარღვევას წარმოადგენს (იხილეთ ნიემეცი გერმანიის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი, §§ 29-32, სერია A no. 251‑B; და შპს Wieser and Bicos Beteiligungen ავსტრიის წინააღმდეგ, no. 74336/01, §§ 43-45, ECHR 2007‑IV).

()  იყო თუ არა ჩარევა გამართლებული 

26.  სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ჩხრეკის ნებართვა სასამართლოს მიერ იყო გაცემული და იგი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოძიებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, სასამართლო მზადაა გაიზიაროს მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ჩხრეკა მართლზომიერი იყო ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით და დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, გატარებული ღონისძიებები შეიძლება თუ არა მიჩნეული იქნას როგორც  „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად თანაზომიერი იყო დასახული მიზანი იმ საშუალებებთან, რომელიც მის მისაღწევად იყო გამოყენებული (იხილეთ რობათინი ავსტრიის წინააღმდეგ, no. 30457/06, § 43, 2012 წლის 3 ივლისი) 

 

27.  სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ სამართლის სფეროს სპეციალისტების დევნა და დაშინება კონვენციის სისტემით გათვალისწინებულ ფუნდამენტალურ ასპექტებთან მოდის წინააღმდეგობაში. შესაბამისად, ადვოკატების ოფისის ჩხრეკა განსაკუთრებით გულდასმით შესწავლას საჭიროებს (იხილეთ ელჩი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, no. 23145/93 და 25091/94, § 669, 2003 წლის 13 ნოემბერი). იმისთვის, რომ გადაეწყვიტა, თუ რამდენად „აუცილებელი იყო მოცემული ღონისძიებების გატარება დემოკრატიულ საზოგადოებაში“, სასამართლომ შეისწავლა თუ რამდენად შეიცავს ეროვნული კანონმდებლობა დამცავ მექანიზმებს, რომლებიც მიკერძოებულობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას უზრუნველყოფენ, და ასევე იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავა მოცემულმა დამცავმა მექანიზმებმა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელი ელემენტებია იმ დანაშაულის სიმძიმე, რომელთან მიმართებაშიც ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიებები გატარდა, ჩატარდა თუ არა ეს ღონისძიებები მოსამართლის ან სასამართლო მოხელის მიერ გაცემული ჩხრეკის ორდერის შესაბამისად (ან დაექვემდებარა თუ არა ჩატარებული ჩხრეკა სასამართლოს მიერ მისი მართლზომიერების შესწავლას), გაიცა თუ არა ჩხრეკის ორდერი გონივრული ეჭვის არსებობის საფუძველზე, რამდენად დეტალურად იყო განსაზღვრული ჩხრეკის ფარგლები. სასამართლომ ასევე უნდა შეისწავლოს, თუ რანაირად ჩატარდა ჩხრეკა და იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე იურიდიული მომსახურეობის კომპანიას შეეხება, ასევე უნდა დაადგინოს ესწრებოდა თუ არა ამ პროცესს დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის მინიჭებული არსებითი პრივილეგიები არ დაირღვეს. და ბოლოს, სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ჩხრეკის შედეგად  კომპანიის მუშაობასა და რეპუტაციისადმი მიყენებული ზემოქმედების მოცულობა (იხილეთ კოლესნიჩენკო რუსეთის წინააღმდეგ, 2009 წლის 9 აპრილი,  no. 19856/04, § 31, 2009 წლის 9 აპრილი).

 

28.  წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 6 მაისს რაიონული სასამართლოს მიერ ჩხრეკის ორდერი გამომძიებლის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა, რომელიც მთელი რიგი პირების მიმართ მსხვილი მოცულობით მექრთამებასთან დაკავშირებული სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ითხოვდა ამ ორდერის გაცემას. იმავდროულად, სასამართლო აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანების საჩივრის შესაბამისად მხოლოდ ადვოკატი ი.თ იყო ეჭვმიტანილი დანაშაულში თანამონაწილეობაში, რასაც მთავრობა არ უარყოფს. განმცხადებლების მიმართ სისხლის სამართალწარმოება არ იყო აღძრული. მიუხედავად ამისა, რაიონული სასამართლოს განცხადების შესაბამისად, იურიდიული კომპანია იყო ფიქტიური კონტრაქტის ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე, რის გამოც ჩხრეკა კომპანიის მთელ ოფისში ჩატარდა. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ ვერ იქნება მიჩნეული, რომ ჩხრეკის ორდერი გონივრული ეჭვის საფუძველზე იყო გაცემული. 

 

29.  გარდა ამისა, სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ჩხრეკის ორდერი ძალიან ზოგადი ხასიათის იყო, რითაც გამომძიებლებს შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭებოდათ საკუთარი შეხედულებისმებრ ჩაეტარებინათ მოცემული ღონისძიება. ორდერში არ იყო განმარტებული, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მხოლოდ ი.თ-ს კაბინეტის გაჩხრეკა და მისი კომპიუტერის ამოღება. გარდა ამისა, ორდერის გაცემის პროცესში მოსამართლე არ შეეხო იმ საკითხს, რომ პრივილეგიით დაცული მასალების კონფიდენციალურობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლისთვის ცნობილი იყო, რომ მომჩივანები ადვოკატთა ასოციაციის წევრები იყვნენ, რომლებზეც ადვოკატ-კლიენტის პრივილეგია ვრცელდება. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ჩხრეკის ორდერი ისეთი  სახით უნდა იყოს შედგენილი, რომ მაქსიმალურად ნათელი და განჭვრეტადი იყოს ჩხრეკის ფარგლები და მისი ზემოქმედების შედეგები (იხილეთ ილია სტეფანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, no. 65755/01, § 41, 2008 წლის 22 მაისი; და ვან როსემი ბელგიის წინააღმდეგ, no. 41872/98, § 45, 2004 წლის 9 დეკემბერი). წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით მოცემული მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო. 

 

30.  სასამართლო ასევე ადგენს, რომ ორდერის ზოგადმა ხასიათმა განაპირობა ის, თუ როგორ ჩატარდა ჩხრეკა. გამომძიებელმა ყველა მომჩივანის კომპიუტერი ამოიღო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ჩხრეკის პროცესში არ იყო ამოქმედებული ისეთი დამცავი მექანიზმები, რომელთა შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ისეთი პროფესიული საიდუმლოების დაცვა. კერძოდ, არ იყო დაწესებული აკრძალვა ისეთი დოკუმენტების ამოღებაზე, რომლებიც  კლიენტ-ადვოკატის პრივილეგიითაა დაცული, აგრეთვე, ჩხრეკას არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დამკვირვებელი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა გამომძიებლების ჯგუფისგან დამოუკიდებლად განესაზღვრა, თუ რომელ დოკუმენტებზე გავრცელდებოდა ასეთი პრივილეგია (იხილეთ სალინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ, no. 50882/99, § 89, 2005 წლის 27 სექტემბერი); და ტამოსიუსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no. 62002/00, ECHR 2002-VIII). ორი მოწმის დასწრება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის დამცავ გარანტიად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოწმეები ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც არ გააჩნდათ რაიმე განათლება სამართლის სფეროში და ვერ განსაზღვრავდნენ, თუ რომელ მასალებზე ვრცელდება პრივილეგია (იხილეთ ილია სტეფანოვის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 43). აგრეთვე, რაც შეეხება მომჩივანებისთვის გამომძიებლების მიერ ჩამორთმეულ კომპიუტერებში დაცულ ელექტრონულ ინფორმაციას, არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩხრეკის დროს ამ დოკუმენტაციის რაიმე სახით დახარისხების პროცედურა ჩატარდა (იხილეთ შპს Wieser and Bicos Beteiligungen, ციტირებული ზემოთ, § 63).

 

31.  იმის გათვალისწინებით, თუ რა მასალები იქნა ამოღებული და შესწავლილი, სასამართლო ადგენს, რომ ჩხრეკის შედეგად ისეთი მოცულობით დაირღვა პროფესიული საიდუმლოება, რაც არათანაზომიერია დასახული მართლზომიერი მიზნისა. სასამართლო ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს, რომ პროფესიული საიდუმლოების დარღვევამ შეიძლება უარყოფითი შედეგები იქონიოს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, და შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევა გამოიწვიოს (იხილეთ სმირნოვი რუსეთის წინააღმდეგ, 71362/01, § 48, 2007 წლის 7 ივნისი; და ნიემეცის საქმე, ნახსენები ზემოთ, § 37).

 

32.  ერთობლიობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მართლზომიერი მიზნის მისაღწევად მომჩივანების იურიდიული მომსახურეობის ფირმის ოფისში ჩხრეკის ჩატარება და მათი კომპიუტერების ამოღება გონივრული ეჭვის არსებობისა და სათანადო დამცავი გარანტიების ამოქმედების გარეშე სცდება „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ“ ფარგლებს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. 

 

II.  კონვენციის 41-ე მუხლის გავრცელება

 

33.  კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს: 

 

თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს.

 

34. მომჩივანებს არ წარუდგენიათ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამასთან დაკავშირებით მათთვის თანხის მიკუთვნების ვალდებულება არ წარმოიქმნება. 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად:

 

  1. დასაშვებად აცხადებს საჩივარს; 
  2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;  

 

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2016 ლის 12 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77- (§§ 2 და 3) მუხლის შესაბამისად.

              სორენ ნიელსენი  იზაბელ ბერო
რეგისტრატორი           თავმჯდომარე